საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეები ამბობენ, რომ აღებულ ჰონორარს ქველმოქმედებისთვის გამოიყენებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა წლის ბოლოს გადაწყვიტა ბიუჯეტიდან 50 000 ლარი არც მეტ არც ნაკლები, საკუთარი, ისედაც მაღალი ანაზღაურებისთვის დაემატებინა.

ეს გადაწყვეტილება ბორდმა დღეს მიიღო, თუმცა როგორც “აიპრესთან” საუბარში ამბობენ, ამ თანხას საქველმოქმედო და სოციალური  პაკეტებისთვის გამოიყენებენ და ეს გამჭვირვალედ მოხდება.

ამის შესახებ “აიპრესთან” ისაუბრა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ, რომელიც ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს.

“შექმნილი კოვიდ მდგომარეობიდან გამომდინარე ძირითადად ეს თანხა გადანაწილებული იქნება, როგორც თანამშრომელთა საჭიროებების მიხედვით დასახმარებლად, ასევე სხვადასხვა სოციალური სახით. ეს არ არის დანამატი ტექნიკურად ერთადერთი ვარიანტი გვქონდა, რომ ჩვენ თავად თანაბრად გადაგვენაწილებინა თითოეულ წევრზე. თანხა კი სრულად წავა ერთის მხრივ თანამშრომლების დასახმარებლად, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ანალოგიური სოციალური პროექტი ჩვენ შარშანაც განვახორციელეთ და ასევე სოციალური პროექტების მიხედვით გადავანაწილებთ. სამართლებრივი ნაწილი ისევე როგორც მორალური არის გამართული. თითოეული საბჭოს წევრი ერთობლივად მოვახდენთ თანხის გადარიცხვას და ეს იქნება გასაჯაროვებული”, – ამბობს ფუტკარაძე.

კითხვაზე, – უხეშად რომ ვთქვათ, მეურვეები ამ თანხას ჯიბეში არ ჩაიდებენ? – პასუხობს, რომ ამის სამართლებრივი ნაწილი, ისევე როგორც მორალური, გამართულია.

“ეს ჩვენი საჰონორარო ნაწილი იყო და ჩვენი კეთილი ნებით მოხდა ეს. საბჭოს წევრები ერთობლივად მოვახდენთ ამ ტიპის დახმარებას. ეს იქნება გასაჯაროებული და დეკლარირებული”, – ამბობს ფუტკარაძე.

ბორდის კიდევ ერთი წევრი, მიხეილ ჩიკვილაძეც ამბობს, რომ თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. ჩიკვილაძე ის პირია, რომელიც გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა და მორცენილი თანხის მენეჯმენტისთვის გადაცემას უჭერდა მხარს.

„ეს არის ბორდის კუთვნილი თანხა. ეს არის პარლამენტის მიერ დადგენილი ბიუჯეტის შესაბამისად. ასე, რომ ეს უნდა მოიცავდეს მშპ-ს 1%-ს. რჩება ეს თანხა, რომელიც აუთვისებელია და გაიცემა ჰონორარების სახით. ამ შემთხვევაში ნაწილი მენეჯმენტზე განაწილდება, ნაწილი კი გადავა დახმარებებისთვის – ეს შეიძლება იყოს კოვიდის დახმარებისთვის, ან საქველმოქმედო, მე ამას ვერ განვსაზღვრავ. ბორდის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ეს ასე გაეკეთებინათ და ჩემი მოსაზრება მათ არ გაიზიარეს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბორდმა არ აითვისა ბიუჯეტი. ამიტომ 82 000 ლარი დაუბრუნდა მენეჯმენტს, რომელიც ამას გახარჯავს, ხოლო დანარჩენი ბორდის წევრებზე გადანაწილდება, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს მთლიანად გადანაწილდება საქველმოქმედო, ან სოციალურ ფონდში“, – ამბობს ბორდის წევრი.

შეგახსენებთ, პანდემიის პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა 50 000 ლარი გამოიწერა და ჰონორარად დაიმატა

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად