საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო და დღეიდან აღდგა როგორც მეტროს, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება.

„დღეიდან მოიხსნა შეზღუდვა მუნიციპალური ტრანსპორტზე. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური ავტობუსები, თბილისის მეტრო და სამივე საბაგირო გზა მოქალაქეებს მოემსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში. რაც შეეხება რეგულაციებს, ტრანსპორტში მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ პირბადით. პირბადის ტარებას თბილისის მერიის ტრანსპორტში გააკონტროლებენ კომპანიის თანამშრომლები და მეტროს პატრულის თანამშრომლები. რაც შეეხება ავტობუსებს აქ გააკონტროლებენ კონტროლიორები და კონდუქტორები. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრს არ ეკეთება პირბადე ან არასწორად ეკეთება, ავტობუსი არ დაიძვრება ადგილიდან“, – განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა. ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები
იტვირთება...