საზოგადოება “ბათომის” განცხადება: მოვითხოვთ, რივიერა ისტორიულ დაცვის ზონას დაუბრუნდეს და ქალაქს შეუნარჩუნდეს

ისტორიული ბათუმის დამცველები ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ. ბათუმელები “რივიერას” პროექტით გათვალისწინებული 5 ცათამჯენის სამშენელო პროექტს აპროტესტებენ და ითხოვენ, ხელისუფლებამ არსებული ეკოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით, პროექტის განხორციელება არ დაუშვას.

“აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ საზოვადოება “ბათომის” მიერ გავრცელებულ განცხადებას:

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ, შეჩერდეს პროექტის „რივირას“ საქმის წარმოება, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.
მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ეკოლოგიური საფრთხეები, რომლის შესახებ საუბარია 2013 წლის გაკეთებულ სამთავრობო დოკუმენტში, აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგია:

„დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრის ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“.

ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის ეკონომიკური სარგებელი ეჭქვეშ დგება და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს.
მოვითხოვთ, რივიერა დაუბრუნდეს ისტორიულ დაცვის ზონას და შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე და ღია სივრცე, რითაც ძველი ბათუმის ზღვას უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიული ბათუმი ზღვისპირა ქალაქის იდენტობას დაკარგავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად