საზმაუს ბორდის ყოველთვიური ჰონორარის ოდენობა 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე 62,4%-ით გაიზარდა

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტი უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა.

2021 წლის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა 82 272 346 ლარს შეადგენს. აქედან სამეურვეო საბჭოს მეურვის ჰონორარისა და კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯებისთვის გამოყოფილია 882 300 ლარი.

სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტში სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 588 200 ლარს.

სამეურვეო საბჭოს მეურვეთა შორის ჰონორარის ოდენობა ასეა გადანაწილებული:

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე – 7 424 ლარი;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 724 ლარი;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეურვე – 5 124 ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბრამდე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 5000 ლარი იყო, წევრის – 3 200,

2018 წლის დეკემბრის ბოლოსთვის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 5800 ლარი იყო, საბჭოს წევრის – 3 800 ლარი,

2019 წელს კი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ჰონორარი იყო 6 500 ლარი, თავმჯდომარის მოადგილის – 4 800 ლარი, სამეურვეო საბჭოს წევრის – 4 200 ლარი.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაწყვეტილების ოქმს საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრთა ჰონორარების ოდენობის განსაზღვრის შესახებ სამეურვეო საბჭოს ცხრიდან ხუთი წევრი აწერს ხელს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავისი ხმაურიანი გადაწყვეტილებით ბოლო დროს არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. როგორც აღმოჩნდა, მათთვის, წლის ბოლოს დამატებული ჰონორარები საკმარისი არ აღმოჩნდა და დამატებით 2021 წელზეც იზრუნეს. მათი მორიგი გადაწყვეტილებით მეურვეების ანაზღაურება 2021 წლიდან ისევ გაიზარდა.

ეს არ არის პირველი ხმაურიანი გადაწყვეტილება. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა 50 000 ლარი გამოიწერა და ჰონორარად დაიმატა. მაშინაც გადაწყვეტილებას დღევანდელი გადაწყვეტილების მსგავსად გია მურღულია და მიხეილ ჩიკვილაძე იყვნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეები მაშინ ამბობდნენ, რომ აღებულ ჰონორარს ქველმოქმედებისთვის გამოიყენებენ.

მაშინდელი გადაწყვეტილების დროს გია მურღულიამ თქვა, რომ ბორდის ლოგიკა არ ესმის დადარიცხულ ჰონორარს ტელევიზიის ანგარიშზე დააბრუნებს.“აიპრესთან” ინტერვიუში ბონდო მძინარაშვილმა კი განაცხადა, რომ ბორდის დაბალ ღობედ განხილვა მოიღელებელია.

სხვათა შორის თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბოლო წლებში ბორდი ანაზღაურებას პრაქტიკულად ყოველწლიურად იმატებს.

ჩვენი ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ბორდის ორ წევრს – თავმჯდომარეს ირინა ფუტკარაძესა და წევრს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას ეწინააღმდეგებოდა – გია მურღულიას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ანაზღაურება ეზრდებათ 2021 წლიდან, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ თანხაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ დოკუმენტი ხვალ გამოქვეყნდება და დეტალებზე მერე ისაუბრებს ბორდის თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე ამბობს, რომ მისი ანაზღაურება გაცილებით მცირე რაოდენობით იზრდება, ვიდრე ეს 2 000 ლარია.

“პირდაპირ გეუბნებით, არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ნამდვილად არ მეზრდება ანაზღაურება 2000 ლარით. გთხოვდით, რომ ოფიციალურ გადაწყვეტილებას დაელოდოთ. ჯერ ამ გადაწყვეტილებაზე ხელი მოწერილი არ არის.

გიდასტურებთ, რომ 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისობაში მოვიყვანეთ ჰონორარების ნაწილი, მაგრამ კონკრეტულად ჩემი ანაზღაურება 2000 ლარით არ გაზრდილა, ბევრად ნაკლებია. ხვალ საღამომდე ეს გადაწყვეტილება ატვირთული იქნება ვებ-გვერდზე, სადაც ლამაზად კი არ შევფუთეთ და პროცენტული მაჩვენებლებით კი არ ვისაუბრეთ, არამედ პირდაპირ გავწერეთ. მოდით, ჯერ ყველა წევრმა მოაწეროს, აიტვირთოს საიტზე და მერე მე თვითონ დაგირეკავთ და თქვენ ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხებ”, – ამბობს ფუტკარაძე.

კითხვაზე, დღეს რატომ ერიდება ამაზე საუბარს, პასუხობს, რომ არ ერიდება.

“ჯერ ოფიციალურად გამოქვეყნდეს. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თავმჯდომარის ხელფასი 2000 ლარით იზრდება, მაგრამ თქვენ თვითონვე მიხვდებით, რომ თქვენთან არასწორი ინფორმაციია მოსული. ჰონორარის ნაწილი მოვიყვანეთ შესაბამისობაში”, – გვითხრა ფუტკარაძემ.

რაც შეეხება კითხვას – რა განსაკუთრებული საჭიროება იყო იმისათვის, რომ პანდემიისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე ანაზღაურება გაზრდილიყო და რა განსაკუთრებული სამუშაო გასწიეთ? – ირინა ფუტკარაძე ასე პასუხობს:

“კანონი გვეუბნება, რომ სამეურვეომ თავისი ფუნქცია, რომ შეასრულოს ამისთვის გამოყოფილია 1.5%. აქედან არაუმეტეს 1%-სა საჰონორარო ნაწილია. მანიპულირება ნამდვილად შეიძლება. ბიუჯეტში გაწერილია ჰონორარები 1%-ის ნაწილში. ეს თანხა გაიყო 12 თვეზე 9 მეურვეზე”, – უთხრა ირინია ფუტკარაძემ “აიპრესს”.

სამეურვეო საბჭოდან ერთ-ერთი ვინც გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა, გია მურღულია იყო, რომელმაც ეს ფაქტი დაგვიდასტურა.

“კი, ვადასტურებ, რომ იზრდება ანაზღაურება და იმასაც, რომ მე ვიყავი მისი წინააღმდეგი. სხვადასხვანაირად იზრდება – თავმჯდომარის, მოადგილისა და მეურვეებისათვის. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენია სხვაობა. თვეში რამდენიმე ასეულს შეადგენს.

როგორც იცით სამეურვეო საბჭოში სულ 9 წევრია. დღევანდელ სხდომას ორი არ ესწრებოდა და სულ შვიდნი ვიყავით. ხუთმა დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას და ორი – მე და ბატონი მიხეილ ჩიკვილაძე ვიყავით წინააღმდეგები. სხდომა დღეს დაიწყო 12 საათზე და დაახლოებით 16:30 საათზე დამთავრდა”, – თქვა გია მურღულიამ.

კითხვაზე, მან რა მოტივაციით მისცა გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა, გია მურღულია ასე პასუხობს:

“პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში, როგორიც დღეს ქვეყანაშია და მთელ მსოფლიოშიც არის, მაშინ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის ჩვენ არ უნდა მოვიცალოთ. ეს არანაირად არ უკავშირდება არც სოციალურ სოლიდარობას და არც კორპორაციულ სოლიდარობას.

მეორე, თითოეულ გადაწყვეტილებას, რასაც კი მიიღებს ადამიანი თავის ცხოვრებაში, უნდა ჰქონდეს შესატყვისობა დროსთან და გარემოებასთან. სხვათა შორის ადამიანურ და პროფესიულ პრინციპებთანაც. მე ვერ ვხედავდი ამ გადაწყვეტილებაში ვერცერთს, ამიტომ წინააღმდეგ მივეცი ხმა”, – უთხრა “აიპრესს” გია მურღულიამ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად