საზღვაო მაშველი, რომლის გამოც ბიჭები ძალით „იხრჩობდნენ თავს“ – ფოთელი ნინო მიქაძის სამაშველო ისტორიები

ფოთელი 23 წლის ნინო მიქაძე, რომელიც ზაფხულში საზოგადოებამ, საზღვაო მაშველის ამპლუაში გაიცნო, ამჯერად სახანძრო სამსახურში მუშაობს. როგორც „აიპრესთან“ ჰყვება, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი სერიოზული სახის გამოძახება ჰქონდა, რომელსაც დებიუტანტის კვალობაზე მშვენივრად გაართვა თავი.

უზომოდ უყვარს ბუნება, ზღვა, დიდ ტალღებში ცურვა, რის გამოც მაშველებთან ხშირად პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამჯერად როლი შეიცვალა და უკვე თავად უწევს სხვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ნინო, თქვენ მიეკუთვნები იმათ რიცხვს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ქალისთვის „არაქალური“ პროფესია არ არსებობს. ზაფხულში ზღვაზე მაშველად მუშაობდით, ამჯერად სახანძრო სამსახურში ხარ. მოგვიყევი რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?              

თავიდან სახანძრო სამსახურზე საერთოდ არც ვფიქრობდი, მინდოდა საზღვაო მაშველი ვყოფილიყავი, მაგრამ ყველაფერი თავისთავად მოხდა. ძალიან მიყვარს ზღვა, შტორმში,  დიდ ტალღებში ცურვა. ყოველთვის ნაპირიდან შორს მივცურავდი და მაშველებს სკუტერებით გამოვყავდით.  ერთხელაც, ერთ-ერთმა მაშველმა მკითხა _ არ გინდა ჩვენთან მუშაობაო? როგორ არ მინდა, განაცხადიც შეტანილი მაქვს, მაგრამ  ეტყობა სქესის გამო მიწუნებენ-თქო.  შენ მოდი მომავალ წელს, დანარჩენი ჩვენ ვიცითო – მითხრა. მართლაც, გავიდა დრო, მივედი სამაშველო სამსახურში, წარმატებით  გავიარე ნორმატივები და ჩავიცვი ფორმა. საზღვაო სეზონის დამთავრების შემდეგ კი, მომეცა საშუალება ამ სფეროში გამეგრძელებინა მუშაობა და გადავედი სახანძრო სამსახურში. აქ სულ რაღაც ორი თვეა რაც ვარ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი სერიოზული გამოძახება იყო, “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიის საწყობს გაუჩნდა ხანძარი, ცოტა შიშის ფაქტორი მქონდა , მაგრამ ვფიქრობ, დებიუტანტის პირობაზე, ჩემს მოვალეობას კარგად გავართვი თავი.

როგორ მიგიღეს თანამშრომლებმა, ხომ არ იყო გაუცხოების მომენტი, რადგან კოლექტივში ერთადერთი ქალი ხარ?              

ნორმატივების ჩასაბარებლად რომ მივედი, 60 ბიჭში მხოლოდ მე ვიყავი გოგო. ჩემს დანახვაზე სიცილი დაიწყეს, სერიოზულად ვერ აღმიქვეს,  ეგონათ ხუმრობა იყო, მაგრამ როდესაც  აღმოჩნდა, რომ ყველაზე საუკეთესო შედეგი მე მქონდა, გაოგნდნენ, არ ეგონათ  დავალებას ასე კარგად თუ გავართმევდი თავს. სამუშაო პროცესშიც ბევრ რაღაცას მათზე უკეთესად გავუმკლავდი.

ზღვაზე დამსვენებლებს მაშველი გოგოს დანახვაზე ა რეაქცია ჰქონდათ ?

ბევრისგან დადებითი კომენტარი იყო, ძალიან გაუხარდათ. ზოგი  ცინიკურად გამოეხმაურა, არ ეგონათ ცურვა თუ ვიცოდი. ზოგს კი საერთოდ არ სჯეროდა ჩემი არსებობა და სანახავად მოდიოდნენ.

 ბიჭებისგან ყურადღების მიქცევის მიზნით, წყალში დახრჩობის  იმიტაციას ხომ არ ჰქონდა ადგილი?

როგორ არა, თან არაერთხელ, ეს იყო დიდი კურიოზი. შორიდან ძნელია გაარჩიო  წყალში ადამიანი ხელებს რატომ იქნევს, საშველად გიხმობს თუ იტყუება. უცებ ვახდენდი რეაგირებას და შემდეგ მიწევდა ახსნა-განმარტებები, რომ მსგავსი ქმედებით საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. მაგრამ  მიუხედავად ამისა, მაინც იგივე მეორდებოდა და იძულებული ვიყავი  თანამშრომლებისთვის მეთხოვა დახმარება. წყლიდან ამოყვანის შემდეგ, თურმე  გაკვირვებული კითხულობდა, იმ გოგომ რატომ არ გადამარჩინაო. ასეთი შემთხვევები ხშირი იყო.

ფოთში,  საზღვაო სეზონმა  წელს მშვიდობიანად ჩაიარა, უბედური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?

ღვთის წყალობით, ლეტალური შემთხვევა არ გვქონია. მართალი გითხრათ ზაფხულიც ჩავარდა, ხშირად წვიმდა. 40-მდე ადამიანი გადავარჩინეთ და აქედან 7 უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასეთი  შედეგი, ტექნიკის დაორგანიზებულად მოქმედების საშუალებით მივიღეთ. წინა წლებში მაშველებს  არც შესაბამისი აღჭურვილობა და არც ტექნიკა გააჩნდათ, რის გამოც უბედური შემთხვევები ხშირად ფიქსირდებოდა.

შენი აზრით, სახანძრო სამაშველო სფეროში რა არის შესაცვლელი ან დასახვეწი? 

მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის იოლი სამსახური და მეტი დაფასება სჭირდება ხალხის მხრიდანაც, რაც აკლია. დასახვეწი  ბევრი რამ არის.  ზღვაზე გვქონდა შემთხვევები, როდესაც ადამიანის მხოლოდ წყლიდან ამოყვანა არ იყო საკმარისი, სხვა სახის დახმარებას საჭიროებდა, მაგალითად, ერთს ხელი ჰქონდა ამოვარდნილი, მეორეს ღია ჭრილობა აღენიშნებოდა, სასწრაფოს მოსვლამდე და ხალხი ჩვენგან ითხოვდა შველას, მაგრამ ამას ექიმების მსგავსად ვერ ვახერხებთ. ამიტომ მომავალში თუ ამ გარემოებებს  გაითვალისწინებენ, კარგი იქნება.

მოგვიყევი შენს შესახებთავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული?       

ძალიან მიყვარს ბუნება, ლაშქრობა. თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობ სადმე შორს წავიდე. ჩემი გატაცებაა  ველოსიპედით სეირნობა, მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ ბათუმში, საირმეში, ნოქალაქევში, მარტვილში,  ერთ დღეში ჩავდივართ თბილისში.

ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

ძალიან მინდოდა გამოვსულიყავი მოცურავე, უბრალოდ ჩვენს ქალაქში, რომ ყოფილიყო შესაბამისი ბაზა,  გარწმუნებთ განთქმული მოცურავე ვიქნებოდი. დამთავრებული მაქვს  ჟურნალისტიკა. პრაქტიკების გავლის პერიოდში, მივხვდი, რომ  ეს ჩემი სფერო არ იყო, ვერ გავჩერდი. რომ დამეძალებინა საკუთარი თავისთვის, არა მგონია საქმე კარგად გამომსვლოდა.

გამოირჩევი სპორტული მონაცემებით და ამ სფეროში საკმაოდ სერიოზული მიღწევები გაქვს,  2017 წელს გარბენში მსოფლიო მარათონის გამარჯვებული გახდი,  ამჯერად, სპორტს და სამსახურს როგორ უთავსებ ერთმანეთს?               

დიახ, გავიმაჯვე მსოფლიო მარათონში, ასევე პირველი ადგილი დავიკავე  ტრიატლონის, ბიატლონისა და  მთის მარათონის საქართველოს ჩემპიონატზე. განსაკუთრებით მომეწონა ტრიატლონი, სადაც სპორტის სამი სახეობაა გაერთიანებული: გარბენი, ცურვა და ველორბოლა.  ეს არის საოცარი, ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო ტურნირი. მომავალში  ალბათ სპორტის ამ სახეობაში მოვახდენ რეალიზებას. სახანძროში ჩვეულ გრაფიკში ვარ, ყოველ მესამე დღეს ვმუშაობ და ვარჯიშს ვახერხებ.

რა გეგმები გაქვს მომავალში?

სამომავლოდ სხვა სფეროში გადასვლას არ გამოვრიცხავ, მაგრამ წინასწარ დანამდვილებით ვერ ვიტყვი. 8 წლიდან ვაკეთებ სამკაულებს, აქსესუარებს, ძირითადად ვაბარებ მაღაზიებში და ვიღებ შეკვეთებს. მინდა უახლოეს მომავალში ჩემი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოვაწყო.

ავტორი: ანა ჯახაია

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად