სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში.

პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.  ასეთი შეხვედრა დღეს   ქალაქ ზუგდიდში   გაიმართა, რომელსაც სამეგრელოს მცირე და საშუალო  ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა  ბათუმში, გორში, ქუთაისსა  და თელავში.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ   თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგების ციკლი ჩაატარა.  პროექტისთვის 15  მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული  წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში  გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და  ფინანსთა სამინისტროს  აკადემიის ტრენერებმა  ჩაუტარეს. პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული კანდიდატები  მუშაობდნენ  დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგიონებში და აწვდიდნენ   მათ შესაბამის ინფორმაციას  სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე.

USAID G4G პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც  ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე  შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლაში დაეხმარება.

G4G – "მმართველობა განვითარებისათვის" USAID-ის  ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.

უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად