საუდის არაბეთის მეფე: Saudi Aramco-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგებს გავუმკლავდებით

საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდელ აზიზ ალ საუდმა სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ზე განხორციელებულ თავდასხმაზე პირველი კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მისი თქმით, ერ-რიადს შეუძლია, Saudi Aramco-ს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგებს შეუმკლავდეს.

თავდასხმის შემდეგ, Saudi Aramco იძულებული გახდა, ნავთობის მოპოვების მოცულობა დღიურად 5,7 მილიონი ბარელით შეემცირებინა, რაც საუდის არაბეთის მიერ დღიურად მოპოვებული ნავთობის ნახევარს შეადგენს.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით,დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

16 სექტემბერს, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთზე თავდასხმის გამო, საპასუხო რეაგირებით დაიმუქრა. მისივე თქმით, თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი დადგინდა და ვაშინგტონი “სამეფოსგან ელოდება ინფორმაციას, თუ რა პირობებში უნდა იმოქმედონ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად