Saudi Aramco-ზე თავდასხმის შემდეგ, აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედროებს გაგზავნის

საუდის არაბეთში ნავთობკომპანიაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ს ლიდერმა დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ჯარების გაგზავნა ბრძანა. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა ბრიფინგზე განაცხადა.

”პრეზიდენტმა აშშ-ს ძალების განლაგებას მხარი დაუჭირა, რომლებიც ძირითადად ყურადღებას საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაზე გაამახვილებენ”, -განმარტა მან.

მარკ ესპერმა ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების დაჩქარებისთვის იმუშავებს.

გაერთიანებული შტაბის უფროსმა ჯოზეფ დანფორდმა, ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს დამატებითი კონტინგენტი “ათასობით ადამიანს” არ მოიცავს.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით- დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

CBS News-ის წყაროების თანახმად, თავდასხმა ირანის სამხრეთ ნაწილიდან განხორციელდა. CNN– ის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დრონები ირანის ბაზის მახლობლად გაუშვეს, რომელიც ერაყთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად