Saudi Aramco-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ტრამპი სამხედრო რეაგირებას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთში სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს სამხედრო მოქმედებების განხორციელება ადეკვატური რეაგირება იქნება. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

მას ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა აშშ-ს სამხედრო ჩარევა, რომელიც ადამიანთა დაღუპვას გულისხმობს, ნავთობკომპანიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, პროპორციული პასუხი იყოს. შეკითხვაზე ტრამპმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ მომხდარის სწორად გაგება და გააზრება აუცილებელია.

აშშ-ს პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ეთანხმება, რომელმაც თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ვაშინგტონი შეიტყობს, ვინ დგას თავდასხმების უკან.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით,დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

16 სექტემბერს, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთზე თავდასხმის გამო, საპასუხო რეაგირებით დაიმუქრა. მისივე თქმით, თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი დადგინდა და ვაშინგტონი “სამეფოსგან ელოდება ინფორმაციას, თუ რა პირობებში უნდა იმოქმედონ”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად