“საწყალი ნაძვის ხე” – ლონდონის მთავარი ნაძვის ხე ღარიბული იერის გამო სოცქსელებში გააკრიტიკეს

საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში, ტრაფალგარის მოედანზე განთავსდა, ლონდონის მაცხოვრებლებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გააკრიტიკეს. მათ ნაძვის ხე უსიცოცხლოდ ეჩვენათ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთს მთავარ ნაძვის ხეს ყოველწლიურად საჩუქრად ნორვეგია გადასცემს. ტრადიცია 1947 წელს დაიწყო,  როდესაც ქალაქის ხაზინას დიდი სადღესასწაულო ნაძვის ხისთვის თანხა არ ჰქონდა.

წელს, ხე ზოგიერთ ლონდონელს არ მოეწონა. მათ მიაჩნიათ, რომ ნაძვის ხეს ბრწყინვალება აკლია.

ვესტმინსტერის საბჭომ განაცხადა, რომ ნაძვი, რომელიც 21 მეტრის სიმაღლისაა, ოსლოს მაცხოვრებლებისგან ლონდონისთვის დიდსულოვანი საჩუქარია.

როგორც საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, ეს ნაძვის ხე იმდენად მაღალია, რომ იგი ადამიანების სახლში არსებული ნებისმიერი ნაძვის ხისგან განსხვავდება.

ნორვეგიაში ბრიტანეთის ელჩმა ნაძვის ხის შეფასებისას განაცხადა:

”ეს ზუსტად ისაა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს 25 მეტრის სიმაღლის, 90 წლის ხე ველურ ბუნებაში”, -აღნიშნა რიჩარდ ვუდმა.

“ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამ საჩუქრის სიმბოლიკას და არ გავითვალისწინოთ მისი ტოტები”,-დასძინა დიპლომატმა. მიკრობლოგ Twitter- ზე ზოგიერთი მომხმარებელი მის მოსაზრებას ეთანხმება. BBC– ს ანგარიშზე ზოგიერთი მკითხველი აღნიშნავს, რომ “საშობაო სული უბრალო და მოკრძალებული უნდა იყოს”.

”მშვენიერი ნაძვის ხეა. მადლობა ნორვეგიის შესანიშნავ მოსახლეობას”, – წერს ერთ-ერთი მკითხველი.

ქვეყანაში ჩატარებული საყოველთაო არჩევნებიდან ერთი კვირით ადრე, პოლიტიკურ თემაზე ხუმრობის ცდუნება ძალიან დიდია. ზოგიერთი ადამიანი პოლიტიკის სიმბოლოს “დაღლილ” ნაძვის ხეში ხედავს, ზოგიერთი კი პირიქით, ეკონომიკურ მდგომარეობას ადარებს.

“როგორ გავაბრაზეთ წელს ოსლოს მოსახლეობა?!”, – აღნიშნავენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად