საწარმო “ენერჯი ჯორჯიას” პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გავა. სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შექმნილი საწარმო "ენერჯი ჯორჯია", რომელისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან 2 წლის განმავლობაში სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება მოხდება პროდუქციას საზღვრებს მიღმა გაიტანს.

"პროდუქციას უკვე ვაწარმოებთ. საწარმო მაისში გავხსენით და დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების კაბელი გავყიდეთ. საწარმო ნულიდან შევქმენით. ჩვენი მიზანია, რომ დავამზადოთ ხარისხიანი კაბელები და მოვახდინოთ ქართული ბაზრის მაქსიმალურად ათვისება. ყოველ წელს ათეულობით მილიონის ღირებულების კაბელი შემოდის საქართველოში, და შესაბამისად ჩვენი მიზანია მომხმარებელმა ადგილობრივი, მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინოს. ჯერ ადგილობრივ ბაზარზე დავიმკვიდრებთ თავს და შემდეგ ვიფიქრებთ ექსპორტზე. აუცილებლად გავიტანთ პროდუქციას სხვა ქვეყნებში. დღეს ვაწარმოებთ მხოლოდ 10%-ს იმისა, რაც უნდა დავამზადოთ საბოლოო ჯამში. მარტის დასაწყისიდან უკვე სრული დატვირთით ვიმუშავებთ და 150-მდე სახეობის კაბელს ვაწარმოებთ", – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი მამია მოცრაძე.

ევროკავშირის ბაზარზე ასევე გავა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს კიდევ ერთი ბენეფიციარი "საქკაბელი", რომელიც კაბელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია.

"რამდენიმე დღეა, რაც დაგვიმტკიცდა თანხა. ვაპირებთ ახალი ტიპის საკაბელო პროდუქციის გამოშვებას, ის, რაც არ გვქონდა ასორტიმენტში და რაც მოხმარებადია, ვემზადებით ევროპული ბაზრისთვის, უნდა ვაწარმოოთ ის, რაც ევროპის ბაზარს სჭირდება. ეს არის კაბელები, რომელიც არ შეიცავს ჰალოგენებს. უკვე შევისწავლეთ ევროპული ბაზარი და რაც მოთხოვნადია, იმის გამოშვებას ვგეგმავთ. ოპტიმისტური იქნება, თუ ევროპის ქვეყნებში შესვლას 2016 წლისთვის მოვახერხებთ. აცხადებს "საქკაბელის" ხელმძღვანელი ედიშერ მამალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად