სასულიერო პირები: 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა, დემონურმა ძალებმა ბრძოლა გამოუცხადეს ოჯახის ინსტიტუტს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ხვალ სასულიერო პირები მრევლთან ერთად თბილისში, „რესპუბლიკის მოედანზე“ იკრიბებიან, სადაც პარაკლისს აღავლენენ, შემდეგ კი ყოვლაწმიდა სამების საკათედრო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობას გამართავენ.

მამაოები ამასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებენ.

“17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ქრისტიანული ოჯახი მცირე ეკლესიაა. ამიტომ, დემონურმა ძალებმა განსაკუთრებული ბრძოლა გამოუცხადეს ოჯახის ინსტიტუტს სხვადასხვა მეთოდებით და საშუალებით. თუნდაც იმით, რომ ოჯახის იმიტაციას ახდენენ სოდომური ცოდვის შერწყმით და ასე განზოგადებით ოჯახისა, რაც უმძიმესი ცოდვა-დანაშაულია ღვთის წინაშე, ოჯახის ინსტიტუტის წინაშე.

აქედან გამომდინარე, რამდენიმე წლის წინ, მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით დადგინდა ოჯახის სიწმინდის დღე და განისაზღვრა მისი თარიღი – 17 მაისი.

პარასკევს 17 მაისის 10 : 00 საათიდან ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე სამღვდელოება, მრევლი, საზოგადოება. აღვასრულებთ სავედრებელ პარაკლისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ და შემდეგ მოეწყობა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ. შემოგვიერთდით“, – აცხადებენ სასულიერო პირები ვიდეო მიმართვაში.

ცნობისთვის, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული შეკრების მონაწილეთა თავდასხმისათვის ბრალდებულად ცნეს 4 პირი .  ხოლო, 2015 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ”17 მაისის” საქმეზე ბრალდებულების ირაკლი (მამა იოთამ) ბასილაიას, ბექა სალუქვაძის, ტარიელ დავრიშიანის და გიორგი ბასიაშვილის მიმართ  გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

შეგახსენებთ, 2013 წლის 17 მაისს აქციის და კონტრაქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, 2014 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გადაწყვეტილებით, 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავენ.

ცნობისთვის, 2004 წლიდან  17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად