სასტუმრო მეპატრონეებს, რომელებსაც სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, მთავრობა დაეხმარება

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს.

“საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა – „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“, ითვალისწინებს სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას იმ მეწარმე-სუბიექტებისთვის, რომელთაც, ტურისტების შემცირების გამო, სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები შეექმნათ.
აღნიშნული მექანიზმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს მცირე ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაში და ბაზარზე ოპერირების გაგრძელებაში.

თანადაფინანსების მექანიზმი 2019 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და მოიცავს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას – უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.
თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეეძლებათ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის მიზნით, სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს.
თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 აშშ დოლარს – აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 ევროს – ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად