სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 800-მდე თანამშრომელი გადამზადდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში სისტემის სამედიცინო პერსონალის, სოციალური მუშაკების, დაწესებულებების რეჟიმისა და უსაფრთხოების თანამშრომლებისთვის კასკადური ტრენინგების ციკლი დასრულდა.

ერთი წლის განმავლობაში ტრენინგის ფარგლებში სისტემის 800-მდე თანამშრომელი ჯანდაცვის ხელშეწყობის, კრიტიკული სიტუაციების მართვის, თვითმკვლელობების, თვითდაზიანების, იმუნოდეფიციტური და სხვა ვირუსების პრევენციის შესახებ ახალ მიდგომებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და სამართლებრივ დოკუმენტებს გაეცნო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული პროგრამის მნიშვნელობიდან და წარმატებული კასკადური ტრენინგების ციკლიდან გამომდინარე, მიმდინარე წლიდან აღნიშნული პროგრამა სასწავლო ცენტრში დაინერგება და ამ მიმართულებით სისტემის თანამშრომელთა გადამზადება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ტრენინგს სასწავლო ცენტრის ტრენერები, ასევე სასჯელაღსრულებისა და სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებოდნენ. ტრენინგის საბოლოოდ შეჯამებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ალესანდრო სავარისი და ევროსაბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი გივი მიქანაძე დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად