მიხეილ სააკაშვილის დატოვება სასჯელაღსრულების სისტემაში ვფიქრობ,  დანაშაულია - ადამიანი ერთი წელიწადია პრაქტიკულად ქვაბით სვამს წამლებს - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა სასამართლოს სხდომაზე მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„ის ამდენი ხანია კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სამწუხაროდ, წონაში კლება კვლავ გრძელდება. ნოემბრის დოკუმენტაციაც შევისწავლე და 20 დეკემბრამდე წონაში კლება გრძელდება, ასევე გრძელდება ტემპერატურული რეაქცია. მას თავდაპირველი წონიდან უკვე 42 კილოგრამი აქვს დაკლებული. 115 კილოგრამი იყო და 104 კილოგრამი იყო, როდესაც კლინიკა „ვივამედში“ შევიდა. გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით, კლინიკა ვივამედში შესვლიდან, წონის კლება 37% და 30%-ია. რა თქმა უნდა, ეს არის კახექსია და ამაზე უფრო მეტად ჩვენი კოლეგები ისაუბრებენ. როდესაც სახალხო დამცველმა ნახა, უკვე კახექსიის სტადია გახლდათ და ეს მიუთითებს იმას, რომ რაღაც პროგრესირებს. ზუსტად ის ფაქტორი, რაზედაც მე ვლაპარაკობ, პროგრესს განაგრძობს. ალბათ, ფსიქიკის მიმართულებითაც განაგრძობს პროგრესს, ბოლოს ჩვენ აღარ შეგვიმოწმებია. სახალხო დამცველმა რომ ნახა, დემენციის დიაგნოზი დაადასტურა.

რაც შეეხება შეკითხვას, უშლის თუ არა ეს სასჯელის მოხდას, მინდა გითხრათ, მე საერთოდ ამ კითხვის წინააღმდეგი ვარ. სამედიცინო საერთაშორისო ეთიკის თვალსაზრისით საბჭოთა კითხვაა და კანონმდებლობა ამ მიმართულებით კორექტირებას საჭიროებს.

რაც შეეხება დემენციის დიაგნოზს და მის ნევროლოგიურ მდგომარეობას, პატიმრის დატოვება სასჯელაღსრულების სისტემაში, ჩემი მოსაზრებით, არასათანადო მოპყრობად განიხილება და ვფიქრობ, რომ დანაშაულია. არ შეიძლება მისი ყოფნა ჰუმანიტარული თვალსაზრისით სამედიცინო სტანდარტებიდან გამომდინარე, დიაგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში წერია.

რაც შეეხება სასჯელის მოხდას და ა.შ. ეს ექიმის კომპეტენცია არ არის, მაგრამ რადგანაც მაინც ვიმყოფებით ამ საბჭოთა კავშირში, გეტყვით, რომ ხელს შეუშლის კი არა, უშლის. ადამიანი ერთი წელიწადია პრაქტიკულად ქვაბით სვამს წამლებს და ამას თუ ჰქვია სასჯელის მოხდა, არ ვიცი“, - აღნიშნა ჯიშკარიანმა.