სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე ახალ საწარმოში 120 პატიმარი დასაქმდება

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს  მხარდაჭერით   ახალი პროექტი განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც კომპანია შპს “Starco Footwear” სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე ახალ საწარმოს 2015 წლის სექტემბრისთვის გახსნის, სადაც ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული 120 პატიმარი დასაქმდება.

კომპანია მონაწილეობას იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სოციალურ პროექტში, რომლის ფარგლებშიც სასჯელაღსრულების  დაწესებულების ტერიტორიაზე უკვე აშენდა 2,000 კვ.მ. საწარმოო შენობა და რომელიც შპს “Starco Footwear”-ის  მოთხოვნებს შეესაბამება.

შპს “Starco Footwear” ფეხსაცმლის წარმოების ახალი ტექნოლოგიების შემოტანასა და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სპეც-ტანსაცმლის წარმოებაზეა ორიენტირებული, რომელმაც საქართველოში სამხედრო და სამუშაო ფეხსაცმლის ამერიკული კომპანია “Original Footwear”-ის  ტექნოლოგიისა და შვილობილი კომპანიის “Ro-Search”-ის მიერ დამზადებული აპარატურის  შემოტანა მოახერხა. ხსენებული ტექნოლოგია    ფეხსაცმლის ძირის დამზადებასა  და  ფეხსაცმლის ზედა ნაწილზე დამაგრებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ, ფეხსაცმლის წარმოების სრულყოფილი პროცესის მიღწევის საშუალებას იძლევა.

“ხაზი უნდა გაესვას, რომ საწარმოო პროცესის კუთხით კომპანიის საქმიანობა ამერიკელი პარტნიორების სრული ტექნიკური ზედამხედველობის  ფარგლებში წარიმართება და კომპანიის მხრიდან, მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის გატანის პროცესში, მათი დახმარების მოლოდინიც არსებობს.  საერთო ჯამში, შპს “Starco Footwear” მიზნად ისახავს  საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის ხელმისაწვდომ ფასში მოხდეს ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და გაფართოვდეს მათი საქმიანობის სფერო.

რაც ყველაზე მისასალმებელია, მოცემული პროექტის საშუალებით მსჯავრდებულთა  დასაქმების გზით მათ ყოველდღიური ყოფა უადვილდებათ და სამომავლო  რესოციალიზაციისა თუ რეაბილიტაციის კუთხით მნიშვნელოვან, ღირებულ პროექტს წარმოადგენს, რაშიც მეწარმეობის განვითარების სააგენტოსაც მიუძღვის წვლილი და რაშიც  მონაწილეობა ცალსახად ღირებულია”, – აღნიშნავენ სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად