სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა პარლამენტის წევრების: რომან გოცირიძის, ნიკა მელიას, კობა ნაყოფიას და მამუკა ჩიქოვანის თავდებობის წერილი, რომლითაც თავდებში უდგებოდნენ “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა, ძალაში რჩება – ამის შესახებ “აიპრესს” თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.

იმის გამო, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა ბრალდების მხარე, მოსამართლეს მომდევნო სხდომა არ განუსაზღვრავს.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ასევე თავდებში უდგებოდნენ: “ნციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და ყოფილია პარლამენტარი კობა ხაბაზი.

შეგახსენებთ, 2019 წლის 24 თებერვალს ზვიად კუპრავა დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, “2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნული დანაშაულისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...