სასამართლომ, სექსის დროს გარდაცვალება უბედურ შემთხვევად ჩათვალა და კომპანიას კომპენსაცია დააკისრა

საფრანგეთში დასრულდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესი, რომელიც მივლინებაში, სექსის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდის საკითს განიხილავდა.

სასამართლომ მივლინებაში მყოფი, სექსის დროს გულის შეტევის შედეგად გარდაცვლილი ცოლიანი მამაკაცი “სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის” მსხვერპლად აღიარა და დამქირავებელს ოჯახისთვის თანხის გადახდა დააკისრა.

საფრანგეთის რკინიგზის სამშენებლო კომპანიის ინჟინერი, ცოლიანი მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, 2013 წლის თებერვალში ცენტრალურ საფრანგეთში ლუარის დეპარტამენტში იმყოფებოდა მივლინებით. მან იქ მცხოვრები ქალი გაიცნო და ის სექსისთვის თავის სასტუმრო ნომერში მიიპატიჟა. სექსის დასრულებისთანავე მამაკაცს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.

სასამართლოს მიერ მამაკაცის უეცარი გარდაცვალების “სამსახურებრივ უბედურ შემთხვევად” მიჩნევა იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილის ოჯახს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება როგორც სახელმწიფოდან, ასევე დამქირავებელი კომპანიისგან. უფრო კონკრეტულად კი გარდაცვლილის პარტნიორი და ბავშვები მისი საპენსიო ასაკის მიღწევის თარიღამდე მიიღებენ ყოველთვიურ კომპენსაციას მისი ხელფასის 80%-ის ოდენობით, საპენსიო ვადის დადგომისას კი კომპანია მის საპენსიო ანგარიშზე თანხას გადარიცხავს.

კომპანია სასამართლო განხილვების პროცესში მუდმივად ამტკიცებდა, რომ მას არ შეეძლო ეკისრა პასუხისმგებლობა თავისი თანამშრომლის გარდაცვალებაზე, რადგან გულის შეტევა სამსახურს არ უკავშირდებოდა, მაგრამ ამის დამტკიცება ვერ შეძლო.

2016 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ “სექსუალური კონტაქტი – ნორმალური ცხოვრებისეული აქტია, ისეთივე, როგორიც დუშის გადავლება ან საკვების მიღება”. შემდეგში, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა.

კომპანიამ კვლავ სცადა პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა და სასამართლოს განუცხადა, რომ გარდაცვლილი უშუალოდ კომპანიის მიერ დაქირავებულ ნომერში არ იმყოფებოდა, ცოლიანი იყო და მრუშობდა.

სასამართლომ არ გაიზიარა კომპანიის ადვოკატების არგუმენტები და განუცხადა მათ, რომ, მიუხედავად იმისა, თუ რით არის დაკავებული მივლინებაში მყოფი თანამშრომელი სამუშაო თუ არა სამუშაო დროს, ის სამუშაო პროცესში ჩართულად უნდა იქნეს განხილული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...