სასამართლომ ოქრუაშვილს “რუსთავი 2”-ში ხალვაშის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებაზე ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილმა სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისს მიმართა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, 2010 წელს, მასსა და  ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმდა შეთანხმება, რის მიხედვითაც, ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში „რუსთავი 2“-ში ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო. ის ასევე ამბობს, რომ შეთანხმება ხალვაშის მიერ არის ხელმოწერილი.

ცნობისთვის, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ  “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა, რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აღნიშნულის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

ირაკლი ოქრუაშვილი თქმით კი,  “რუსთავი2”-ის 100%-იანი წილი მან შეიძინა, რაშიც 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. მისივე თქმით,  ქიბარ ხალვაში მასთან აფილირებული პირი იყო, ამიტომ ბუნებრივია, წილები ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე გადაუფორმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...