სასამართლო ზაზა ხატიაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

"თბილისის საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის მიერ, დღეს საჯაროდ გავრცელებული მცდარი ხასიათის განცხადებებთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველის მხრიდან საგანგაშოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საქმე ეხება ყოფილი პროკურორებისათვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გასაჩივრდა სასამართლოში. 2012 წლიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მსგავსი სასარჩელო განცხადება განიხილა, რომელთაგანაც ყველა დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის შესაბამისი გადაწყვეტილებები გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო წესით და ყველა მათგანი დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, სასამართლოში დადგენილია  პრაქტიკა სადავო საკითხთან  დაკავშირებით. 

რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებას გასაჩივრებული და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტების სხვადასხვაობის შესახებ, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ საქმეში (ბატონი ზაზა ხატიაშვილის მიერ ნახსენებია სამი ასეთი საქმე) არსებობს მხოლოდ თითო გასაჩივრებული აქტი, რომელებიც ბათილად სცნო სასამართლომ. ამდენად, გაუგებარია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველი და მიზანი. 

თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, როგორც იურისტმა, მიმართოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. თავის მხრივ კი, მოსამართლეები იტოვებენ უფლებას, პატივისა და ღირსების შელახვისათვის დაიწყონ სამართალწარმოება სამოქალაქო წესით."- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა მოსამართლეები კორუფციაში დაადანაშაულა და ფეისბუქგვერდზე გუშინ განცხადება გაავრცელა.

"საშინელებები სასამართლო ხელისუფლებაში

ხვალ, 2015 წლის 23 ივნისს 15 – 00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შენობაში, ძმები ზუბალაშვილების # 36 ზაზა ხატიშვილი გავმართავ პრესკონფერენციას და წარმოგიდგენთ სასამართლოს მხრიდან ჩადენილი კორუფციის გაუგონარი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე როდესაც ვიგებდი, რომ სასამართლოში დაიწყო კორუფციული გარიგებები, ვერ ვიჯერებდი. ადვოკატთა ასოციაცია ხვალ წარმოადგენს მოსამართლეების სამ გადაწყვეტილებას, რომელიც მოასამართლეებმა გააყალბეს. ვიდეო მასალა ოფიციალურად გამოვითხოვეთ , საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ სასამართლოდან. თვალებს არ დავუჯერე როცა ვნახე ვიდეოფირები, ნუთუ ეს შესაძლებელია? 

საქართველოს მოსამართლეებმა დაიწყეს გადაწყვეტილებების გაყალბება , აცხადებენ ერთ გადაწყვეტილებას , ხოლო მხარეს აბარებენ სულ სხვა გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, მოსამართლე არ არის უტვინო არსება, სავარაუდოდ , სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს კორუფციული მოტივების გარეშე. 

მოსამართლეები სანამ დაინიშნებიან მოსამართლეებად გადიან სწავლების კურსს, ამიტომ მათ კარგად იციან, რომ სასამართლო გადაწყვეტილების თვითნებურად შეცვლა არის სისხლის სამართლის დანაშაული . დასადგენია ისეთი რა დონის ზეწოლა განხორციელდა მოსამართლეებზე, რომ მათ შეცვალეს სასამართლო გადაწყვეტილება. თუ მოსამრთლეებმა თავისით შეცვალეს გადაწყვეტილება , მაშინ მოსამართლეთა სასწავლო პროგრამა არის გადასახედი , ვინაიდნ თუ მოსამართლეებს არ ასწავლიან რომ მათ არ შეცვალონ მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადების შემდეგ, ეს უფრო დიდი პრობლემაა."- ნათქვამია ხატიაშვილის გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად