სასამართლო: ელისო კილაძემ ეკა ბესელიას მიმართ გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას სარჩელი მოპასუხე ელისო კილაძის მიმართ. მხარეებს შორის დავის საგანს გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის ინტერვიუების მიცემისას, ელისო კილაძემ ეკა ბესელიას მიმართ გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები, კერძოდ, პატიმრებისგან, მათ შორის – ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირებისგან, პოლიტპატიმრების სიაში შესაყვანად, ასევე მათი შეწყალებისთვის, გარკვეული გასამრჯელოს მიღების შესახებ. სხვა სადავო გამონათქვამები, სიტყვები, რაც იმავე პერიოდში რამდენიმე ტელეეთერის მეშვეობით გაავრცელა ელისო კილაძემ, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც მოპასუხის აზრი, შეხედულება და არა – როგორც ცილისმწამებლური განცხადება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე ელისო კილაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში – „კურიერი 3 საათზე“, ამ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება დაევალა. მასვე, ეკა ბესელიას სასარგებლოდ, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა დაეკისრა (ნაცვლად მოსარჩელის მიერ მითითებული – 20 500 ლარისა). 



გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში", – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად