სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა

რუსეთის სააპელაციო სასამართლომ უკუაგდო საჩივარი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების თაობაზე. ნავალნი 30 დღე-ღამით არის დაკავებული, რათა სხვა სასამართლოს საშუალება მიეცეს თებერვალში გადაწყვიტოს, რეალური სასჯელით შეუცვალოს თუ არა მას 3,5 წლით პირობითი პატიმრობა, რაც მას ადრე ჰქონდა მისჯილი თაღლითობის ბრალდებით.

28 იანვარს გამართულ სხდომაზე სასამართლომ დაადგინა, რომ 44 წლის ოპოზიციონერი წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩეს 15 თებერვლამდე, როგორც ეს წინა სასამართლომ დაადგინა.

ნავალნი 17 იანვარს დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში, მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მკურნალობდა რუსეთში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო. მოწამვლისთვის ნავალნი რუსეთის ხელისუფლებას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს.

შერემეტიევოში მისი დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელმაც დაადგინა, რომ ნავალნი პატიმრობაში უნდა იმყოფებოდეს, სანამ მეორე სასამართლო გადაწყვეტდეს მის ბედს.

ნავალნის დაკავებას და წინასწარ პატიმრობაში მოთავსებას მოჰყვა უკანასკნელ წლებში ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლები მთელი რუსეთის მასშტაბით. 23 იანვარს ათიათასობით ადამიანი გავიდა ათობით ქალაქის ქუჩებში. პოლიციამ 4000-მდე ადამიანი დააპატიმრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად