ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა და მას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა კომიტეტის წევრებს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანამდევ პროექტებთან ერთად წარუდგინა.

 „რეფორმა ითვალისწინებს ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ამ დარგზე სამთავრობო ზედამხედველობის გამყარებას, რაც დღეს ნაწილობრივ ხორციელდება. ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რკინიგზის მიმართულებით სულ შესასრულებელი გვაქვს 8 დირექტივა, აქედან 3 უკვე დანერგილია. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით კიდევ 3 დირექტივის ნაწილობრივ შესრულება მოხდება“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი თქმით, რეფორმის მიზანია საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის, როგორც ყველაზე უსაფრთხო, მწვანე და მდგრადი სატრანსპორტო საშუალების ეფექტურობის გაზრდა და განვითარება.

„საკანონმდებლო პაკეტის მიღება ხელს შეუწყობს სარკინიგზო სექტორში ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებას, სარკინიგზო სფეროში მომუშავე პირთა, კერძოდ, მატარებლის მემანქანეების კვალიფიკაციის ამაღლებას“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.