“სარედაქციო პოლიტიკას თუ შეცვლიან, გვაწყობს კიდეც” – რა შემთხვევაში და სად წავლენ “რუსთავი 2”-ის წამყვანი სახეები

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” არ გაიყიდა – ამის შესახებ განცხადებას, არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს. ტელევიზიის აქციების 100% ის მფლობელი ამბობს, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, ხოლო რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას საკუთარი ძალებით შეეცდება.

“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ “რუსთავი 2″ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას.” წერს ხალვაში.

“დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განვსაზღვრე იმისათვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი2-ის გასხვისებასთან დაკავშირებით.

როგორც ვხედავთ, ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რეალურად რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდა “რუსთავი2”. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ყოფილიყო გამართულიდა წარმატებული, რეალურად ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას. როგორც იცით, მისი დავალიანება კრედიტორების წიანშე 70 მილიონ ლარს აჭარბებს. ცხადია, ამას აქვს თავისი მიზეზები: მათ შორის, ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება, შემოსავლების ხელოვნური შემცირება და ხარჯების მაქსიმალური გაზრდა.

ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ “რუსთავი 2″ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსსდა შესაძლებლობას.

რუსთავი 2 უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს.” – აცხადებს ტელეკომპანიის მფლობელი.

მისი თქმით, ამიერიდან უპირველეს ვალდებულებად მიაჩნია  სააკაშვილისგან გათავისუფლებული ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნის ნდობა – იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი.

რას აპირებენ “რუსთავი 2”-ის წამყვანები, რომლებიც ნიკა გვარამიას უჭერდნენ მხარს და რა გეგმები აქვთ მათ სამომავლოდ? ინტერვიუები ცოტა ხნით ადრე ჩავწერეთ, სანამ ქიბარ ხალვაში განაცხადებდა, რომ არხის გაყიდვა გადაიფიქრა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ტელეკომპანიის ერთ-ერთი წამყვანი სახე, თოქ-შოუ „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი არხიდან წამოსვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ მენეჯმენტი სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის. კონკრეტულად კი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე საქებარ სიუჟეტს დაუკვეთავენ.

ამის შესახებ „აიპრესთან“ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  „რუსთავი 2“-ში ახალი დირექტორის, პაატა სალიას პერიოდში არხში არანაირი სარედაქციო პოლიტიკის შეცვალზე არ ყოფილა საუბარი.

დღეს იწურება ტელევიზიის შეძენის მსურველთათვის მიცემული ერთკვირიანი ვადა, რუსთავი-2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხის მყიდველი ჯერ არ გამოჩენილა. თუ მენეჯმენტი შეიცვალა, მაინც დარჩებით რუსთავი-2 ში?

მენეჯმენტი ხომ შეიცვალა? მენეჯმენტი იყო ნიკა გვარამია, რომელიც უკვე შეიცვალა. ანუ, პაატა სალიას თუ მოხსნიან? პაატა სალია როგორ შეიცვლება თუ ვერ გაიყიდა?

ხომ შეიძლება ქიბარ ხალვაშმა თქვას, არ მინდა პაატა სალია დირექტორად და შევცვლი სხვა ვიღაცით?

არ ვიცი ქიბარ ხალვაში რას იტყვის, ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემთვის მთავარი ხაზი გადის საინფორმაციოზე. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ დრომდე საერთოდ არ შეგვზღუდვია იმის თქმის უფლება, რისიც ჩვენ გვინდა.

ანუ, პაატა სალიას  მენეჯერობის პერიოდს გულისხმობთ?

დიახ. რასაც გვინდა იმაზე ვსაუბრობთ. “კურიერს” არც რიტორიკა შეუცვლია, არც ქუდი. არაფერი შეგვიცვლია. ყველაფერი ისეა, როგორც აქამდე იყო. საერთოდ ვერ ვხდები, რატომ უნდა დადგეს დღის წესრიგში ჩვენი წასვლის საკითხი. პირიქით, ვემზადები როგორ შევიდე ეთერში ახალი სეზონისთვის. თუ მოვა და გვეტყვის ვინმე, ხეების გადატანაზე ვაკეთოთ სიუჟეტი და ბიძინას ჭეშმარიტებაზე, მაშინ გამოდის რომ სარედაქციო პოლიტიკას ცვლიან. გამოდის რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მართლები ვიყავით და არანაირ ორ სუბიექტს შორის დავა არ არის. არამედ, აქ მთავარი იყო რიტორიკა შეეცვალა არხს. სიმართლე გითხრათ ეს ჩვენ გვაწყობს.

თქვენ იცით, რომ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში ვასაჩივრებთ. სარედაქციო პოლიტიკას თუ შეცვლიან, სტრასბურგის სასამართლო უფრო დაჩქარებული წესით მიიღებს ჩვენს სარჩელს.

ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ ახალი არხის შექმნის შესახებ განაცხადა. მიიღეთ თუ არა მისგან შეთავაზება და განიხილავთ თუ არა მას?

ძალიან ვგულშემატკივრობ მის ამ წამოწყებას. მე თანამშრომლობას განვიხილავ აბსოლუტურად ყველასთან, მას შემდეგ, რაც წამოვალ “რუსთავი 2”- დან.

“რუსთავი 2”- დან კი არ წამოვალ მანამდე, სანამ ჩემს სათქმელს ვამბობ. იმიტომ რომ, პროტესტის ფორმა ხომ უნდა იყოს რატომ მივდივარ არხიდან? იმ შემთხვევაში მივდივარ იმ არხიდან, რომელშიც 17 წელი გავატარე, თუ ჩემს სათქმელს ვერ ვიტყვი.

თუ მომივა ცენზორი, თუ მეტყვის რომ ბიძინა უნდა ვაქო ან ა.შ. მიუხედავდ იმისა, რომ სხვადასხვა ზეწოლის ფაქტებია, თუ მექნება იმის საშულება როგორიც დღეს მაქვს, ვილაპარაკო ის რაც უნდა ვილაპარაკო, არხიდან არავინ წავა. მაგალითად, გარკვეულ ადამიანებს ხელფასი არ გვეძლევა, ფინანსური კრიზისიაო ამბობენ, მაგრამ, 800 კაცს ურიგებენ, 3 კაცი აგვარჩიეს და ჩვენ არ გვირიგებენ. მიუხედავდ ამისა, რომც არ ჩამირიცხონ ივნისის და აგვისტოს ხელფასი, მაინც არ წავალ.

თქვეს გარდა კიდევ ვის არ მისცეს ხელფასი?

ნოდარ მელაძეს და გიორგი გაბუნიას.

გქონდათ თუ არა შემოთავაზება დავით კეზერაშვილის ტელევიზიიდან, როგორც ცნობილია, მას მოლაპარაკებები აქვს უსთავი 2“-ის თანამშრომლებთან.

ვიდრე “რუსთავი 2”-ში ვმუშაობ, არანაირ შემოთავაზებას არ განვიხილავ მანამდე,მე ვგულშემატკივრობ დათოსაც და ნიკასაც, ვგულშემატკივრობ ყველას ვინც ანტირუსულ არხს გააკეთებს,პროდასავლური ორიენტაციის ტელევიზიის მფლობელი  იქნება და ვისურვებ, რომ ასეთი ჩვენს ქვეყანას ბევრი არხი ჰქონდეს.

თუ იქნება შემოთავაზება ამ ორი ტელევიზიიდან, რომელზე გააკეთებთ არჩევანს?

მე ვმუშაობ “რუსთავი 2”-ში. თქვენ ჩემს ორ მეგობარზე მელაპარაკებით და ძალიან რთულია ამაზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, ორივე ტელევიზია ძალიან მაგარი იქნება.

ნოდარ მელაძე: მე ამის შესახებ ორი კვირის წინ ვუთხარი „რადიო თავისუფლებას“. იგივეს გავიმეორებ. ვმუშაობ „რუსთავი 2“-ში და ვაპირებ მუშაობას ბოლო დღემდე, სანამ ხელისუფლება ლაშა ნაცვლიშვილის და კოკა ყანდიაშვილის ცენზურით არ მოახდენს ახალი ამბების დაჩეხვას, როგორც ახდენს რიგ საინფორმაციო გამოშვებებში.

გქონდათ თუ არა შემოთავაზება დავით კეზერაშვილის ტელევიზიიდან, როგორც ცნობილია, მას მოლაპარაკებები აქვს უსთავი 2“-ის თანამშრომლებთან.

კიდევ ერთხელ გპასუხობთ. ვიმუშავებ „რუსთავი 2“-ში იმ დღემდე, ვიდრე სახელისუფლებო ცენზურა არ  შემოაღწევს ტელევიზიაში და გვექნება საშუალება შეინარჩუნოთ ისეთი კრიტიკული „კურიერი“, როგორსაც უკვე 1 თვეა ვინარჩუნებთ.

თუ იქნება შემოთავაზება ამ ორი ტელევიზიიდან, რომელზე გააკეთებთ არჩევანს?

მარტო ორი ტელევიზიდან? და რატომ არ შეიძლება მქონდეს შემოთავაზე სამიდან ან ოთხიდან. როცა „რუსთავი 2“-ზე აღარ ვიმუშავებ და როცა სახელისუფლებლო ცენზურა „რუსთავი 2“-ში შემოაღწევს და იძულებულები გავხდებით, რომ ვეღარ გავაგრძლებ მუშაობას სახელისუფლებლო ცენზურის პირობებში, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას სად გავაგრძელებ საქმიანობას.

ანუ, ბოლო დღეებში ნიკა გვარამიამ და დათო კეზერაშვილმა გააკეთა განცხადება ახალი ტელევიზიის შექმნაზე.  სწორედ აქედან გამომდინარე გკითხეთ, ამ ორი ტელევიზიიდან, რომელზე გააკეთებდით არჩევანს…

არა, მედია ბაზარზე მხოლოდ ორი არ შეიძლება იყოს. არსებობს სხვა ბევრი მედია საშუალებები, სადაც სახელისუფლებო ცენზურა ჯერ-ჯერობით ვერ აღწევს. მომავალში რა შეიძლება იყოს, ამაზე დღეს ვერ გიპასუხებთ.

რაც შეეხება კიდევ ერთ წამყვან სახეს, გიორგი ლაფერაშვილს, მან ტელევიზია დატოვა სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე.

როგორ “აიპრესთან” გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადა, აქვს რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება, თუმცა საბოლოო გადაწყევტილება ჯერ არ მიუღია.

“აიპრესის” კითხვაზე, ნიკა გვარამიაც აკეთებს ტელევიზიას და დავით კეზერაშვილიც, თუ რომელიმე მათგანი შემოგთავაზებთ თანამშრომლობა, რომელზე გააკეთებთ არჩევანს? – ლაფერაშვილი ამბობს, რომ ამაზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. “კონკრეტულად რას როგორ ვაპირებ, ამაზე მოგვიანებით გავაკეთებ  განცხადებას”.

პ.ს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი ლაფერაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ახალ ტელევიზიაში იმუშავებს. რომლის გახსნაც ყოფილმა მინისტრმა სოციალური ქსელით დაანონსა და დაწერა: მივიღე გადაწყვეტილება, მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა  ასევე, სერიალი “ჩცდ” “ფორმულა კრეატივის” და დავით კეზერაშვილის ახალ ტელევიზიაში გადავა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...