საფრანგეთში მინისტრი მას შემდეგ გადადგა, რაც საბიუჯეტო სახსრებით ძვირადღირებული სადილის შეკვეთაში დაადანაშაულეს

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე, ეკოლოგიური ტრანსფორმაციის საკითხებში მინისტრი, ფრანსუა დე რიუჟი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან სავარაუდოდ, საბიუჯეტო სახსრებით ძვირადღირებული სადილი შეუკვეთა. თანამდებობის დატოვების შესახებ მინისრტმა Facebook- ზე დაწერა.

მინისტრის თქმით, გამოცემა Mediapart-მა, რომელმაც მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, გასულ კვირას “ფოტოები მოიპარა” და “ჭორების” საფუძველზე თავს დაესხა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ მუდმივად უწევს კითხვებზე პასუხის გაცემა და თავდასხმების მოგერიება. როგორც ფრანსუა დე რიუჟი დასძენს, იგი გამოცემის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელის შეტანას გეგმავს.

გასულ კვირას, Mediapart-ი წერდა, რომ დე რიუჟმა საკუთარი მეგობრებისთვის საბიუჯეტო სახსრებიდან ძვირადღირებული სადილი შეუკვეთა. სწორედ ამ პერიოდში ის ეროვნული კრების თავმჯდომარედ მუშაობდა. გამოცემა ასევე იტყობინება, რომ მინისტრმა ბინის რემონტისთვის ბიუჯეტიდან 60 ათასი ევრო დახარჯა.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას უკვე ყოფილი მინისტრი ირწმუნება, რომ ეს სამუშაო სადილი იყო. “ეს არ იყო სადილი მეგობრებისთვის. ეს იყო არაფორმალური სამუშაო ლანჩი ადამიანებთან, რომლებსაც პოლიტიკასთან კავშირი აქვთ”,-განმარტავს ის.

დე რიუჟი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ 2017 წლის ივნისში აირჩიეს. მას ეს თანამდებობა 2018 წლის სექტემბრამდე ეკავა, შემდეგ კი ეკოლოგიის საკითხებში მინისტრის პოსტი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...