საქმე N 60 04 გრიფით – „მუდმივად შესანახი“ ანუ როგორ გაყიდეს ინფექციური საავადმყოფო

სტატიის შესავალი – 134 გვერდის ანატომია

ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაყიდა  სახელმწიფომ  2009 წელს უმსხვილესი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, 134 გვერდს მოიცავს. ამ ერთიანად თავმოყრილ დოკუმენტაციაზე ვიღაცას ძალიან სწორად დაურტყამს ბეჭედი გრიფით – „მუდმივად შესანახი“.

გრიფის სახელიდან თუ ამოვალთ, 134 გვერდი, რომელიც უამრავ საინტერესო ფაქტს და დოკუმენტს მოიცავს,  მუდმივად უნდა შეინახოს  დასაფიქრებლად და გასაანალიზებლად, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული დანიშნულების მქონე სამედიცინო ინფრასტრუქტურის გასხვისება და რად შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ეს ერთ მშვენიერ დღეს…

ცხადია, 2009 წელს ვერავინ იფიქრებდა, რომ 11 წლის შემდეგ მსოფლიოს უმძიმესი პანდემია, კოვიდ 19 დაატყდებოდა თავს და  საქართველოს მთავარი დასაყრდენი  სწორედ იმ პროფესიონალ ექიმთა გუნდი იქნებოდა, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად,  თავისი შენობა ნაგებობიანად გაყიდა…. ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით…

პანდემიას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ სტრატეგიული სამედიცინო ობიექტების გაყიდვა ქვეყნისთვის და ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემისთვის  სერიოზული დარტყმა რომ იქნებოდა, ამ დოკუმენტაციაზე ხელმომწერმა ყველა პირმა ზედმიწევნით კარგად იცოდა… მიუხედავად ამისა,  ე.წ ინფექციური საავადმყოფო მაინც გაიყიდა…

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მსგავსი არასახელმწიფოებრივი ტრანზაქციის შესახებ მას არ სმენია არასდროს და მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში მომხდარა.

დავით სერგეენკო: მთელი ამ წლების განმავლობაში, მართლაც უამრავ ჩემს კოლეგასთან მქონდა ურთიერთობა და ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა შევისწავლე.  მე მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოში არ მინახავს, რომ ასე მოექცე საკუთარი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას!  ამასთან მიახლოებული გადაწყვეტილებაც კი არ შემხვედრია. უმეტესობა ქვეყნებისა ცდილობს, რომ მინიმუმ მესამედი, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაში, სახელმწიფო მართვაში დაიტოვოს და ამისი ლოგიკა ახლა ჩანს.  ასეთი გამოწვევების დროს, არჩევანი არის ფინანსურ მოგებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და სახელმწიფო ცდილობს, რომ საყრდენი დაიტოვოს. ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანა არის ჰოლანდია, სადაც   სამედიცინო დაწესებულებების 100%   არის კერძო, თუმცა ამ 100%-დან, 70% არის კერძო არამოგებიანი და ასივე, პროცენტის პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობენ აკადემიური წრეები და პროფესიული ასოციაციები. თვითდინებაზე ამას არ უშვებენ არსად. არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, რომ ასე გაენიავებინათ ეს ინფრასტრუქტურა.

ის რაც არსად შეხვედრია დავით სერგეენკოს, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც მაშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა, 2009 წლის ბოლოს დაიწყო და 2011 წლის ბოლოს დაასრულა…

2009 წლის ბოლოს და 2010 წლის არჩევნების წინ…

2009 წელს, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე იწყებს მზადებას 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.  2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების და 2009 წლის 26 მაისის შემდეგ, ხელისუფლებას უკვე  ავტორიტეტი შერყეული აქვს და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არჩევნების დამაჯერებლად მოგება, რაც მათი რწმენით, მნიშვნელოვანი ტესტი იქნებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის…

სწორედ ამ დროს, 2009 წლის 25 ნოემბერს, უკვე წლის მიწურულს, საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს საპრივატიზაციო აუქციონს და გასაყიდად გამოაქვს ქვეყნისთვის სტრატეგიული დანიშნულების მქონე უმნიშვნელოვანესი სამედიცინო ინფრაქსტრუქტურა –  ე.წ ინფექციური საავადმყოფო, რომელიც შედგებოდა 18 შენობა-ნაგებობისგან და 58 175 კვ.მ. მიწისგან.

დოკუმენტაციის მიხედვით,  აუქციონის გამოცხადებამდე 11 დღით ადრე, 2009 წლის 14 ნოემბერს, შპს „აუდიტექსკორტის“ აუდიტორები მინდია ტაბაღუა და ზუბიკო შავდათუაშვილი, ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით აფასებენ ქონებას და  საბაზრო ღირებულებად აფიქსირებენ 18 630 000  (თვრამეტი მილიონ ექვსას ოცდაათი ათასი) ლარს. აქედან მიწის ნაკვეთის ფასია 7 446 400 (შვიდი მილიონ ოთხასორმოცდაექვსიათას ოთხასი) ლარი ანუ 128 ლარი კვადრატული მეტრი. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, მათი საბაზრო ღირებულება 11 182 800 (თერთმეტი მილიონ ასოთხმოცდაორიათას რვაას) ლარად შეფასდა.

აუდიტორების თქმით, შესაფასებელი ქონების უმეტესი ნაწილის ანუ, 16 ობიექტის ტექნიკური მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელი იყო.  არადამაკმაყოფილებლად მხოლოდ ორი შენობა შეფასდა.

თუმცა, შეფასებამდე, ქონებები ჩამოფასდა…

მაგალითად, შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ ბრძანებაში ვკითხულობთ:

  1. ამოღებულ იქნას შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“ კაპიტალიდან, ქ. თბილისსი, ალ.ყაზბეგის გამზ. N16-ში მდებარე შენობა-ნაგებობები N 1, რომლის  ღირებულება დამოუკიდებელი აუდიტორიის თამაზ ჯანეზაშვილის 17.11.09 წ. აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 676 522 ლარს.
  2. შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის“  კაპიტალი რომელიც შეადგენს 739 392 ლარს, ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ შეიცვალოს და განისაზღვროს 62 870 (სამოცდაორიათას რვაასსამოცდაათი)  ლარის ოდენობით.

 

„ავერსი ფარმას“ მიაჩნია, რომ ამ მიწის ნაკვეთის ღირებულება იმაზე დაბალია, ვიდრე ერთი შეხედვით ვინმეს შეიძლება ეგონოს. ასე გვიპასუხეს მათ დასმულ კითხვაზე, თუმცა კითხვაზე პასუხი, რა გადაიხადეს მათ ამ „დაბალი ღირებულების მიწაში“ „ავერსისგან“ ვერ მივიღეთ :

აიპრესი“:  იმ პერიოდისთვის რა იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, რომლითაც შეფასდა და რა ფასადაც თქვენ შეიძინეთ 58 175 კვმ?

„ავერსი ფარმა“ : როგორც აღვნიშნეთ აუქციონი იყო ღია, საჯარო, შესაბამისად ნებისმიერ მსურველს შეეძლო მიეღო მონაწილეობა, დაეფიქსირებინა უფრო მაღალი ფასი, თუ ჩათვლიდა, რომ აღნიშნული ქონების ღირებულება უფრო მეტს შეადგენდა. ზოგადად ნებისმიერი ქონების საბაზრო ღირებულება არის იმდენი რამდენადაც რეალურად გაიყიდება. ამავდროულად, ამ მიწის ნაკვეთის უდიდესი ნაწილი არის რეკრეაციული ზონა, რომელზეც არაფრის აშენება არ შეიძლება. ასევე  აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სპეციალურ  ზონას, რომელზეც ვრცელდება მთელი რიგი შეზღუდვების: „სპეცზ-1 – დასაშვებია სასწავლო, სამედიცინო კომპლექსები, სამეცნიერო-კვლევითი, სამეცნიერო-საწარმოო და კულტურის დაწესებულებების, აგრეთვე საქალაქო ინფრასტრუქტურის მომსახურებისა და სასაწყობო ობიექტების განთავსება“.

ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ვერ აშენდება ყველაზე კომერციული სამშენებლო ბიზნესი–საცხოვრებელი კორპუსები. შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულება იმაზე ნაკლებია ვიდრე ერთი შეხედვით ვინმეს შეიძლება ეგონოს.

ის რაც „ვინმეს შეიძლება ეგონოს“, ჩვენ რამდენიმე საკმაოდ წარმატებულ ბიზნესმენთან ვიკითხეთ, რომლებმაც გაგვიცხადეს, რომ ის ფასი, რაც ოფიციალურად დაფიქსირდა, იყო ფაქტობრივად სასაჩუქრე ფასად გადაცემული ქონება, რომელზეც არაერთი ბიზნესმენი დიდი სიხარულით დათანხმებოდა… კითხვაზე, რატომ არ შეიტანა სხვა კომპანიამ განაცხადა აუქციონზე, პასუხი ყველას ერთი აქვს – ძალიან კარგად ვიცით ყველამ მაგ კითხვაზე პასუხი…

აუქციონი ერთისთვის და ორწლიანი გადახდის გრაფიკი…

2009 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა აუქციონი. ობიექტის საწყისი ფასი 12 მილიონი დოლარი იყო. გამარჯვებული კომპანია “ავერსი- ფარმა“ გახდა და სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან აუქციონზე განაცხადი წარადგინა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – “ავერსი-ფარმამ”, რომელმაც შეიძინა კიდეც ქონება.

„აიპრესის“ კითხვაზე – რამდენი კომპანია მონაწილეობდა აუქციონში, „ავერსი ფარმა“ ასე გვპასუხობს:

„ავერსი ფარმა“: აუქციონი იყო ღია, საჯარო. ჩვენთვის უცნობია იღებდნენ თუ არა მონაწილეობას სხვა კომპანიები აუქციონში. ვაჭრობის ეტაპზე ბიჯი დააფიქსირა შპს ავერსი–ფარმამ.

აუქციონს პირობებიანი, ფაქტობრივად, პირობითად ერქვა… პირობის ერთი ნაწილი გულისხმობდა მყიდველი კომპანიისთვის  გადახდის ორწლიან გრაფიკს და მეორე იმას, რომ  ქონების პრივატიზაციის შემდგომ, ინფექციურში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებები ჩვეულებრივ გააგრძელებდნენ პროფილით ფუნქციონირებას და უფლება ექნებოდათ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ ესარგებლათ პრივატიზებული შენობების ფართით.

მაშინდელი საქართველოს მთავრობის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, აუქციონიდან შემოსული თანხით თბილისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფექციური ცენტრი აშენდებოდა. ახალი საავადმყოფოს აშენებამდე კი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი ძველ მისამართზე, ყაზბეგის 16-ში გააგრძელებდნენ ფუნქციონირებას.

12 მილიონი დოლარი რას მოხმარდა სინამდვილეში, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს, თუმცა ფაქტობრივი მტკიცებულებები არ გვაქვს და მოსაზრებებისგან თავს შევიკავებთ…

ფაქტი ისაა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს და სეფსისის ცენტრს არაფერი მოხმარებია და პროფესიონალ ექიმთა და მეცნიერთა გუნდი თავისსავე შენობაში კვლავ „ არასასურველ მდგმურებად“ არიან, რომელთაც მეპატრონე არც რემონტის გაკეთების უფლებას აძლევს და პერიოდულად გაძევებით ემუქრება.

შენობის საკითხი ისევ ღია და მოუგვარებელია…

შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე იმედოვნებს, რომ ათწლიანი გაუგებრობების ისტორია ახლა მაინც დასრულდება…

 

თენგიზ ცერცვაძე: რაც შეეხება იმას, შენობა რატომ არ მოგვცა სახელმწიფომ, წინა მთავრობამ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ ეს უბრალოდ არ გააკეთა, გაყიდა და მორჩა.

დღევანდელი ხელისუფლების ყველა მეთაურისგან იყო გადაწყვეტილება, რომ უნდა გაეკეთებინათ, შედგენილი იყო პროექტები, გამოყოფილი გახლდათ ტერიტორია, სახელდებოდა თარიღები, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ამის გამო, ჩვენ აქტიურად გამოვთქვამდით პროტესტს, საქმეში ჩაერია პრემიერ-მინისტრი, ბატონი გახარია, რომელმაც 30 დეკემბერს დამიძახა, შემხვდა და გამომკითხა ყველაფერი. ძალიან შეწუხდა არსებული სიტუაციით, თითქოს გული უგრძნობდა, რომ შეიძლებოდა შექმნილიყო ასეთი სიტუაცია.

ბატონმა გახარიამ მაჩვენა ესკიზები, მასალები, ბუკლეტები ერთ-ერთი შენობის, სამედიცინო ინოვაციების ცენტრი, რომელიც 11-სართულიანი შენობაა, საუკეთესოდ ნაგები, რაც კი სამედიცინო პროფილის შენობა არსებობს ქვეყანაში. ეს შენობა ააშენა თავისთვის ერთ-ერთმა კომპანიამ, მაგრამ შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, გადაწყვიტა ამ კლინიკის გაყიდვა. პრემიერმა მოიძია ეს ტერიტორია, ჩვენ წავედით, ვნახე და მოვიწონეთ კიდეც.

გახარიამ გვითხრა, რომ უახლოეს დროში მოაგვარებდა ამ შენობის შესყიდვის საქმეს. ეს არ იყო მარტივი, რადგან ეს შენობა ჯერ არ არის ჩაბარებული, სანახევროდაა დამთავრებული“

ამასობაში, სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდებოდა ავერსი-ფარმასთვის გადახდილი იჯარის ქირა.

2013 წლის სექტემბრიდან, პაატა კურტანიძემ მოითხოვა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ტერიტორია დაეტოვებინა. ცენტრის სხვა შენობაში გადატანა ერთი ხელის მოსმით, წარმოუდგენელი იყო ცენტრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამიტომ სახელმწიფო იძულებული გახდა ავერსი – ფარმასთვის იჯარა გადაეხადა. თანხა, საბოლოო ჯამში, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა.

ავერსი ფარმას ამ ფინანსებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია…

აიპრესი: 2012 წლიდან დღემდე რა შემოსავალი მიიღეთ სახელმწიფოსგან იმ სამედიცინო ინფრასტუქტურის სანაცვლოდ, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა სამედიცინო პროფილის დაწესებულებები?

 ავერსი-ფარმა: თქვენს მიერ მოთხოვნილი ფინანსური მონაცემების გასაჯაროება არ მიგვაჩნია ჩვენი კომპანიისთვის მიზანშეწონილად.

ის რის გასაჯაროვებაც ავერსი-ფარმას მიზანშეწონილად არ მიაჩნია, თვეში 35 ათასი ლარია, 6  წელიწადში კი 3 მილიონი ლარი…

“აიპრესი”: სააუქციონე პირობების მიხედვით, გქონდათ თუ არა ვალდებულება იმ სამედიცინო ინფრასტრუქტურის შენარჩუნების, რომელიც თქვენს მიერ შეძენილ ფართზე დაგხვდათ. თუ გრაფიკის მიხედვით გაწერილი თანხის გადახდის  შემდეგ, შეგეძლოთ და ახლაც შეგიძლიათ ამ ტერიტორიის და მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობების თქვენი სურვილისამებრ გამოყენება?

“ავერსი ფარმა”: სააუქციონე პირობები წინასწარ იყო გაცხადებული ნებისმიერი მსურველისთვის. მყიდველს, აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული თანხის გადახდასთან ერთად, ქონდა ვალდებულება ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებებისთვის უზრუნველეყო 2 წლის განმავლობაში უსასყიდლო ფუნქციონირება. რაც შეეხება თანხის გადახდის შემდგომ პერიოდს – მესაკუთრედ აღრიცხვის შემდგომ საქართველოს კონსტიტუციით არის აღიარებული და დაცული საკუთრების უფლება, რაც გულისხმობს საკუთარი შეხედულებით ქონების განკარგვას, გამოყენებას და ა.შ.

„ავერსი ფარმაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფომ იჯარის გადახდა 2019 წლის 1 იანვარს შეწყვიტა. ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ იჯარის ხელშეკრულების დადების წინააღმდეგი თავად „ავერსი ფარმაა“.

„როცა გქვია ჯანდაცვის მინისტრი, შენ ხარ პასუხისმგებელი ყველაფერზე“მინისტრი დავით სერგეენკო და მოლაპარაკებების 6 წლიანი ისტორია…

„ტვირთად მაწევს, რომ ვერ მოვაგვარე ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა“,  განაცხადა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ „აიპრესთან” ინტერვიუში და მოლაპარაკებების ის 6 წლიანი ისტორია გაიხსენა, რომელშიც პირადად იყო ჩართული.

იმ დროის განმავლობაში, რაც ის ჯანმრთელობის მინისტრი იყო, ორჯერ გამოიყო სხვადასხვა ადგილი ახალი ცენტრის ასაშენებლად და  რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი პროექტირებისთვის.

ბატონო დავით, ჯანდაცვის მინისტრობის დროს განხორციელებული ყველაზე  მნიშვნელოვანი პროექტიდან,  ყოველთვის გამოყოფდით ცე ჰეპატიტის  ელიმინაციის პროგრამას და არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ ეს იყო თქვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო პროექტი. თუმცა, ამავდრულად იყო ერთი საკითხი, რომელზეც ძალიან გული გწყდებოდათ  რომ  ვერ მოაგვარეთ. ეს არის  ინფექციური საავადმყოფო.  რა სამუშაოები ჩატარდა  თქვენს დროს, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო და რატომ რჩება საკითხი დღემდე ღიად? თუ არ ჩავთვლით პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას თანხის გამოყოფის შესახებ?

დავით სერგეენკო: ეს საკითხი საჯარო სივრცეში, რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში გახდა აქტუალური გამომდინარე პანდემიის თემიდან. თუმცა, ეს პრობლემა მანამდეც იყო და მას ჩემი მინისტრობის დროს, ძალიან დიდი დრო დავუთმე.

იმდენად კომპლექსური საკითხია, რომ ორ ნაწილად გავყოფ – ზოგად  და კერძო ნაწილებად.

2012 წლისთვის, ჩვენ რა თქმა უნდა, გვქონდა მთელი რიგი მიმართულებით  პრობლემები, მათ შორის  ინფრასტრუქტურული. მაგალითად იყო რაიონები,  სადაც  არანაირი სამედიცინო დაწესებულება არ არსებობდა. უბრალოდ  არაფერი იყო რაიონში, ამბულატორიის მსგავსიც კი.  ასეთი იყო ხარაგაული, ლენტეხი, დედოფლისწყარო. რაც შეეხება დიდ ქალაქებს, გამოკვეთილი პრობლემა გვქონდა ბავშვთა ტუბერკულოზის ცენტრში, რომლშიც რთულად აღსაწერი  ვითარება იყო. ასევე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათ შორის იყო ინფექციური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო,  ონკოლოგიური და  ა.შ…

იყო მთელი კომპლექსი ამ  ინფრასტრუქტურული პრობლემებისა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ წლების განმავლობაში, ბიუჯეტი ყოველთვის რაღაც შესაძლებლობას გაძლევს და რაღაცას არა.  მოხერხდა ის, რომ ბათუმში, დედოფლისწყაროში, ლენტეხში,  ხარაგაულში სრულიად ახალი კლინიკები ავაშენეთ და ეს პროცესი დასრულდა 2015-16  წლებში.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, აქ სიტუაცია უფრო რთული იყო.  2012 წლისთვის მოცემულობა იყო შემდეგი: ინფრასტრუქტურა იმაზე უარეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე დღეს არის, უკვე გაფორმებული იყო პრივატიზაციის ხელშეკრულება.  მთელ ამ ტერიტორიას ჰყავდა კერძო მეპატრონე და ასე ვთქვათ,  უკვე ჩართული იყო წამზომი, ექიმებს უნდა დაეცალათ ეს შენობა.

და რა გააკეთეთ ამის მოსაგვარებლად?

დავით სერგეენკო: საქართველოს მთავრობას ჰქონდა ხელშეკრულება გლობალურ ფონდთან, რომ ისინი თანადაფინანსებით შემოვიდოდნენ ახალი ინფექციური საავადმყოფოს შენობის ასაშენებლად და ამისათვის იყო გამოყოფილი მათი მხრიდან 5 მილიონი ევრო. ხოლო საქართვლოს მთავრობის, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს მხრივ, 9 მილიონი ლარი. უკვე  გადასადგმელი იყო კონკრეტული ნაბიჯი, რომ დაწყებულიყო პროექტის შექმნა, რადგანაც პროექტი არსებობდა ესკიზის სახით,  და ეს უნდა დახვეწილიყო.

ეს პრიორიტეტი გვქონდა 2012 წელს. თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ორი ოქტომბრიდან იწყება მასობრივი შეჭრები სხვადასხვა ობიექტებში, მთ შორის იმ შენობაში, რომელშიც შევიდა 90 ოჯახი და დაიკავეს  ფართი. ჩვენ პარალელურად ვაგრძელებდით მუშობას, რომ პროექტი  დახვეწილიყო, თუმცა იძულებული გავხდით  გამოგვეყო  დამატებითი თანხა, რომ იქ დაგვეყენებინა დაცვის პოლიცია და ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტსაც ვთხოვეთ გაეძლიერებინა კონტროლი. პარალელურად დავიწყეთ ამ 90 ოჯახთან მოლაპარაკება, რომ დაეტოვებინათ ფართი. პროცესმა მოიცვა  რამდენიმე თვე. ამ ხნის განმავლობაში იქ უკვე იმდენად გაირღვა  დაცვა , რომ ახალი ოჯახები შედიოდნენ.  ყიდდნენ  ფართებს  სრულად უცხო ხალხი. ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ ერთადერთი ინსტრუმენტი – უხეში ჩარევით, ძალის გამოყენებით გამოგვეყვანა ეს ხალხი გარეთ, რის გაკეთებაც, რა თქმა უნდა, არ გვინდოდა. ამასობაში, ცალკე ინფექციური საავადმყოფო და ცალკე გლობალური  ფონდი გვაჩქარებდნენ, მიიღეთ გადაწყვეტილებაო.

ვერ დავტოვეთ ბედის ანაბარა ღია ცის ქვეშ ეს 90 ოჯახი და დავიწყეთ ალტერნატიულ ვარიანტზე ფიქრი. ამასობაში გლობალურმა ფონდმა თქვა, რომ ჩვენ მაშინ ამ 5 მილიონს ამოვიღებთ ამ პროექტიდან და ჩავდებთ ისევ ამ პროექტში ოღონდ  არა ინფრასტრუქტურულში, არამედ სხვა მიმართულებითო, რაც მოიცავდა  არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, პაციენტების ფსიქოლოგიურ დახმარებას.

პროგრამიდან უკან არ წაუღიათ ეს თანხა მაგრამ, ინფრასტრუქტურიდან გადაიტანეს სხვა მიმართულებაში და ისევ  საქართველოს დაახარჯეს.

ამის შემდეგ, იწყება უკვე მეორე ეტაპი –  მოლაპარაკება სქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან, რომ გამოგვიყონ მიწის ნაკვეთი, რომელზეც შევძლებთ ახალი შენობის აშენებას. ასეთი მიწის ნაკვეთი გამოიყო უნივერსიტეტის ქუჩაზე. შევისყიდეთ პროექტირება და დავიწყეთ ამაზე მუშაობა. პროექტის შედგენის პერიოდში გაირკვა, რომ ის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების კლინიკას არ აკმაყოფილებდა და ეს გაირკვა  სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ. იძულებული გავხვდით,   დაგვებრუნებინა ეს მიწის ნაკვეთი და გვეთხოვა ახალი, რაც არ იყო მარტივი. ბოლოს, შეირჩა  ლუბლიანას ქუჩაზე. პროექტირება, რომელიც დაწყებული იყო, გამოგვადგა და იქაც გავაგრძელეთ.  გადავედით  უკვე მესამე წელიწადში.

2015 წლის დასაწყისში ვიწყებთ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომლის ძირითადი საყრდენი იყო ინფექციური  და რეალურად, შეუძლებელი გახლდათ არსებულ ინფრასტრუქტურაში რაღაცის გაკეთება. სანამ  აშენდებოდა ახალი კლინიკა, მანამდე ეს ადამიანები უბრალოდ ვერ გააგრძელებდნენ მუშაობას – ვერც პერსონალი და ვერც პაციენტი.

იყო კიდევ  სხვა შენობა ნაგებობები უკეთეს მდგომარეობაში, თუმცა „ავერსი – ფარმას“ მენჯმენტი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ იქ გადაეყვანა ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უხდიდა იჯარის თანხას.

რამდენი გადაუხადა სახელმწიფომ იჯარის თანხა ავერსი – ფარმას?

6 წელიწადში 3 მილიონი აქვს სახელმწიფოს გადახდილი მათთვის.

რა მოილაპარაკეთ ავერსთან და პაატა კურტანიძესთან?

დავით სერგეენკო: დიახ, გავაგრძელებ… ამ პროცესების პარალელურად, მიდის მოლაპარაკება  ძველ მესაკუთრესთან „ავერსთან“, რომ გამონახონ რაღაც კომპრომისული გზა და ერთობლივი ძალებით იგივე ტერიტორიაზე აგვეშენებინა ახალი შენობა. ამ პროცესმა დაიკავა წელიწადზე მეტი და მოლაპარაკებებები ბოლოს შევიდა ჩიხში.  ვერ შეთანხმდნენ, თუ სწორად მახსოვს 500 კვადრატულ მეტრზე, რომელსაც არც „ავერსი“ თმობდა და არც კლინიკის მენეჯმენტი. ანუ, პრაქტიკულად ბოლომდე მოლაპარაკება, გარკვეული ფართის გამო ჩაიშალა. ამის პარალელურად, ვიწყებთ ლუბლიანის ქუჩაზე პროექტირებას და პარალელურად ვცდილობთ დროებით იჯარით მაინც ვიქირავოთ  სადმე სხვაგან ისეთი მონაცემების შენობა, რომელიც ინფექციურის სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, რაც  ვერ ვნახეთ.

ამიტომ, 2017 წელს, თუ სწორად მახსოვს, გამოვყავით მილიონზე მეტი თანხა იმისთვის, რომ ელემენტარული რემონტი გაეკეთებინათ, წყალი არ ჩამოსულიყო და პლიუს შეეძინათ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა.  ამან წელიწადი დაიკავა. მერე მოდის 2018 წელი, როდესაც ამ კლინიკის აშენების საკითხს იბარებს უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო. აცხადებს საერთაშორისო ტენდერს და იღებს შემოთავაზებებს. ერთ-ერთი  შემოთავაზება ინფექციურმა საავადმყოფომ მოიწონა და აკეთებენ ესკიზს, მოხაზულობას. პროექტი ისევ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა.

2018 წლის ბოლოს და განსაკუთრებით 2019 წლის დასაწყისში,  ყოველდღიურად საათობით ვისმენდი ანგარიშებს. ამ პროექტისთვის გამოყოფილი იყო 23 მილიონი ლარი, რომელიც მიმართული იყო შენობის ასაშენებლად და მოსაპირკეთებლად.  2019 წლის ივლისში მე უკვე მოვდივარ სამინსიტროდან და უკვე აღარ ვარ ჩართული ამ პროცესებში. ნაკლებად არის ჩემთვის ცნობილი, რატომ შეწყდა ამ მიმართულებით განვითარება.

მერე ვიგებ, მოგვიანებით, რომ პროექტი სრულად დასრულდა ლუბლიანის ქუჩის მონაკვეთზე, მაგრამ რატომღაც არ იწყება ამ პროექტის რეალიზება.   ბოლოს გახდა ცნობილი, რომ   მთავრობამ გამოყო უკვე 40 მილიონი შემდგომი ეტაპისთვის და  რამდენადაც ვიცი ეს შენობა უკვე გადაეცა ინფექციურ სავაადმყოფოს ბალანსზე.

გამოდის, თქვენ მინისტრობის პერიოდში განუწყვეტლივ მუშაობდით ამ საკითხზე, უბრალოდ ხან ერთი მიზეზის გამო  შედიოდა ჩიხში, ხან მეორე მიზეზის გამო. საინტერესოა  ბატონ პაატა კურტანიძესთან თუ გქონდათ შეხვედრები, მას რა მოსაზრებები ჰქონდა? წესით  უნდა სცოდნოდა, რომ მეორე მხარეს იდგა ძალიან მაღალი დონის  პროფესიონალთა გუნდი, რომელთა გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. იყო ფაქტორები, რაც  სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანისთვის გასათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო…

დავით სერგეენკო: ბატონ კურტანიძესთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა. ის მზადყოფნას გამოთქვამდა, რომ რაღაც კომპრომისს გამონახავდა, მაგრამ მას თავისი ბიზნეს გეგმები ჰქონდა გაწერილი.  სხვათა შორის, აღნიშნავდა, რომ აცნობიერებდა იმას, რომ ეს ქვეყანას სჭირდება. თუმცა, როდესაც რეალურ მოლაპარაკებაზე მიდგებოდა საქმე, ინფექციურის მენეჯმენტთან ვერ თანხმდებოდნენ.  შეთანხმდებოდნენ 99 საკითხზე და ერთზე, რომელიც მასშტაბით 99-ის მეასედი იყო, უკვე ვეღარ და ეს მიმართულება შედიოდა ჩიხში.

ანუ, მზადყოფნას გამოთქვამდნენ, მაგრამ არ რეალიზდებოდა ეს ყველაფერი. მე, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, ჩართული ვიყავი ამ ყველაფერში,  მაგრამ უბრალოდ, ჩემი რესუსიც შეზღუდული იყო მაშინ. თეორიულად შეუძლებელია თან იჯდე და ნახაზები აკეთო, თან დაჯდე და მოლაპარაკებები საათობით აწარმოო.

ამ ყველაფრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ ყველაფერი გაგიკეთებიათ და რაში გრძნობთ თავს დამნაშავედ?

დავით სერგეენკო: მე როდესაც საჯაროდ კომენტარი გავაკეთე, რომ საკუთარ თავს ვგრძნობ დამნაშავედ, ვიგულისხმე ის, რომ ვერ მოვაგვარე ეს საკითხი. ეს არის  სახელმწიფო მოხელის ელემენტარული ეტიკეტი,  მინისტრმა არ უნდა დაიწყოს იმაზე საუბარი,  მე კი მინდოდა მაგრამ, იმან არ ქნა და მე რა ვქნაო. როცა გქვია ჯანდაცვის მინისტრი, შენ ხარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში. მე ამ ეტიკეტით ვიხელმძღვანელე და არა იმითი, რომ რაც მე ვერ გავაკეთე. მეტი რაღა უნდა გამეკეთებინა,  ამ კითხვაზე პასუხი ახლაც არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემა დარჩა.

დასასრულის ნაცვლად: ამ დასასრულს არც შესავალი ექნება თავისი, არც ქვესათაური და არც რაიმე მოსაზრება… უბრალოდ გთავაზობთ კითხვა-პასუხს…

„აიპრესის“ კითხვა „ავერსი ფარმას“: როგორ აფასებთ თქვენს ტერიტორიაზე განთავსებული შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის მუშაობას მსოფლიოსთვის უმძიმესი გამოწვევის, კოვიდ 19 ის პანდემიის პირობებში?

„ავერსი-ფარმას“ პასუხი: სამედიცინო დაწესებულების მუშაობის შეფასება არ შედის ჩვენს კომპეტენციაში.

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად