საყვარელიძე: რევოლუციურ სცენარს ვერ ვხედავ, აქცია ფაქტობრივად “ნაცმოძრაობის” ხაზით მიდის

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობის მიუხედავად რევოლუციურ სცენარს ვერ ხედავს, რადგან აქცია „ნაცმოძრაობის“ ხაზით მიდის და ხალხს ხელისუფლება რომც არ მოსწონდეთ, თუკი მასთან მებრძოლს არ ემხრობიან, მაშინ რევოლუცია არ მოხდება.

როგორც საყვარელიძემ „აიპრესთან“ გიხსენა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე „ნაცმოძრაობის“ გარდა ბევრი იყო გასული, მაგრამ როგორც კი უფრო და უფრო გამოიკვეთა „ნაციონალების“ ხაზი, იმ აქციებს მხარდამჭერები შემოაკლდა.

„რევოლუციურ სცენარს არ ვხედავ. იარაღით რევოლუციურს საერთოდ არ ვხედავ, რაც შეეხება ხავერდოვან რევოლუციას, უფრო დიდი საზოგადოებრივი მუხტი უნდა და საზოგადოების უფრო მკაფიო დამოკიდებულება. კერძოდ, 2003 წელს როდესაც მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია ეს იმიტომ, რომ შევარდნაძის მომხრეობა აღარავის უნდოდა და სააკაშვილის მომხრეობა, ან ოპოზიციის მომხრეობა ბევრს უნდოდა. დღეს „ნაციონალებს“ არ ემხრობიან. ხელისუფლება რომც არ მოსწონდეთ, თუკი მასთან მებრძოლს არ ემხრობი, მაშინ რევოლუცია არ მოხდება“, – ამბობს საყვარელიძე.

„აიპრესის“ რეპლიკაზე – თუმცა, ოპოზიციურ აქციაზე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დგას და პრაქტიკულად სრული ოპოზიციური სპექტრია. რაზეც რამაზ საყვარელიძე ასე პასუხობს:

„აქცია ფაქტობრივად „ნაცმოძრაობის“ ნიშნით მიდის. გარდა ამისა, ხალხი რომ არის გასული აქციაზე, ჯერ ერთი დღეა გასული. გვახსოვს, რომ იგივე სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე „ნაცმოძრაობის“ გარდა ბევრი იყო გასული, მაგრამ როგორც კი უფრო და უფრო გამოიკვეთა „ნაციონალების“ ხაზი, იმ აქციებს მხარდამჭერები შემოაკლდა. ანალოგიური პროცესები დღესაც შეიძლება მოხდეს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად