საყვარელიძე: ოქრუაშვილის მოძრაობა თუ “ნაცმოძრაობის” სახესხვაობა იქნება, მისი პერსპექტივა ნაკლებია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ არ ვცდები სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობასთან ითანამშრომლებენ, რითიც ფაქტობრივად დისკრედიტაცია მოახდინა ამ მოძრაობის“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „აიპრესს“ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პერსპექტივის შეფასებისას განუცხადა.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მისი პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა მისი დისტანცირება წინა ხელისუფლებასთან. პოლიტოლოგის აზრით, ყველაზე კარგია თუ ყველასგან იქნება დისტანცირებული და არავისთან არ იქნება აფილირებული.

_ ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა. შეუძლია თუ არა მას გავლენების მოპოვება, თუნდაც იმის ნახევარი, რაც მან 2007 წლის 7 ნოემბრის დროს შეძლო და რაზეა მისი პერსპექტივა დამოკიდებული?

_ კარგი ეტალონი მოიტანეთ შესადარებლად. მაშინ ირაკლი ოქრუაშვილის ბუმი იყო, რაც მაშინ იმან გამოიწვია, რომ ოქრუაშვილი დაუპირისპირდა სააკაშვილს და ამაში გადამწყვეტი იყო სააკაშვილის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს, როდესაც შენთვის მიუღებელ პოლიტიკურ ლიდერს უპირისპირდება მისივე გუნდის წევრი. თავის დროზე სააკაშვილი და ჟვანიაც შევარდნაძის გუნდის წევრები იყვნენ და ძალიან დიდი ყურადღება მიიქციეს მოსახლეობის, როდესაც დაუპირისპირდნენ შევარდნაძეს. ანალოგიური იყო ოქრუაშვილის სააკაშვილთან დაპირისპირება და აიწია მისმა რეიტინგმა.

დღევანდელი დღე არსებითად განსხვავებულია და ამ განსხვავებას გარკვეული თვალსაზრისით ხაზი გაუსვა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ამ ახალ ძალასთან. ფაქტობრივად დროზე ადრე მოახდინა მისი დისკრედიტაცია.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობა რომ მიუღებელია, ეს გამოჩნდა მთაწმინდის არჩევნებითაც. თუ საზოგადოებამ ეს ახალი პარტია დაინახა როგორც „ნაცმოძრაობის“ მორიგი სახესხვაობა, რისი შანსებიც არის, მისი პერსპექტივები ნაკლები იქნება.

_ მისი პერსპექტივა იმაზეა დამოკიდებული, გააკეთებს თუ არა დისტანცირებას წინა ხელისუფლებასთან?

_ საერთოდ, პერსპექტივისთვის ყველაზე უკეთესია ყველასგან დისტანცირება. გაიხსენეთ, ყველასგან დისტანცირებულმა ალეკო ელისაშვილმა ყველა კონკურენტს აჯობა კახა კალაძის გარდა. მართალია პარტია არ იყო, ერთი პიროვნება იყო… იმით აჯობა, რომ ის აფილირებული არ იყო არცერთ პარტიასთან.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა. მოძრაობის წევრები არიან: გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, ნიკა რამიშვილი (“დრუპი”), და სხვები.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...