საქართველში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და IBA-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას

სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების მსოფლიოს წამყვან მომწოდებელს IBA-სა და ფონდ „ქართუ“-ს შორის ბელგიის ქალაქ ლუვენ-ლა-ნევში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

“Proteus®ONE” დანადგართან დაკავშირებული ხელშეკრულება საქართველოს უმსხვილეს საქველმოქმედო ორგანიზაციის, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუ”-ს დაფინანსებით გაფორმდა.
ხელშეკრულება მოიცავს კლინიკურ დანადგარ “Proteus®ONE”-ს და დამატებით ციკლოტრონს, რომელიც ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე დამონტაჟდება. პირველი პაციენტის მიღება 2024 წლიდანაა ნავარაუდევი.
ხელშეკრულება ასევე მოიცავს შეთანხმებას ოპერირების და ტექნიკური მომსახურების შესახებ. ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებასთან ერთად, “Proteus®ONE” დანადგარის ტიპიური, საბოლოო მომხმარებლის საფასური 35-40 მილიონ ევროს შეადგენს.
როგორც IBA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივიე ლეგრენმა განაცხადა, “პროტონული თერაპიის საქართველოში შემოტანის მიზნით ფონდ “ქართუ”-სთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ზრდის პროტონული თერაპიის ხელმისაწვდომობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამავდროულად ახდენს IBA-ს მიერ შემოთავაზებული პროდუქტის მიმზიდველობის დემონსტრირებას.
IBA-ს დანადგარი “Proteus®ONE” ინტენსივობის მოდულირებული პროტონული თერაპიის (IMPT) უნიკალურ და ჭეშმარიტად კომპაქტურ სისტემას წარმოადგენს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტი საავადმყოფო ირჩევს, სხვა მიზეზებთან ერთად – მისი გახსნილი სტრუქტურის და სწრაფი დამონტაჟების გამო. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას ფონდ “ქართუ”-სთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიმსივნური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის პროტონული თერაპიის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ისევე როგორც პროტონული თერაპიის დარგში ისეთი მოდალობების მეტი კვლევის უზრუნველსაყოფად, როგორიცაა “FLASH” დასხივება და “ARC” თერაპია” – განაცხადა ოლივიე ლენგრენმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის თქმით, პროტონული თერაპია რადიოთერაპიის საუკეთესო ფორმად მიიჩნევა და კიბოს მრავალი ნაირსახეობის უკეთესი მკურნალობის საშუალებას წარმოადგენს.
„მოხარული ვართ, რომ IBA-სთან პარტნიორობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სახით, საქართველოში შემოგვაქვს პროტონული თერაპია. IBA -ს ტექნიკური აღჭურვილობის უნიკალური კონფიგურაცია, დამატებით ციკლოტრონთან ერთად, პრაქტიკული გამოყენების ფართო სპექტრს გვთავაზობს, რის შედეგადაც ჩვენ მოგვეცემა საშუალება, დავიკავოთ ცენტრალური პოზიცია პროტონული თერაპიის განვითარებასა და კვლევაში. ეს კი იდეალურად ესადაგება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისიას. ამასთან ერთად, ჩვენს პაციენტებს შეეძლებათ სახლთან ახლოს მიიღონ მკურნალობა, რომელიც აქამდე რეგიონში ხელმისაწვდომი არ იყო.” – განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.
IBA გლობალური სამედიცინო დანადგარებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია სიმსივნური დაავადებების დიაგნოზირება-მკურნალობისთვის განკუთვნილი, ინტეგრირებული და ინოვაციური საშუალებების მოწოდებაში. კომპანია მსოფლიო ტექნოლოგიის ლიდერია პროტონული თერაპიის სფეროში, რაც დღეს-დღეობით ხელმისაწვდომი სხივური თერაპიის მოწინავე ნაირსახეობად ითვლება. IBA -ს პროტონული თერაპიის საშუალებები მოქნილი და ადაპტირებადი სახისაა. შედეგად, კომპანიის კლიენტებს შეუძლიათ აირჩიონ უნივერსალური, სრულმასშტაბიანი ადრონულირ თერაპიის ცენტრი, ისევე როგორც კომპაქტური, ერთოთახიანი საშუალებები. გარდა ამისა, IBA-ს ასევე გააჩნია რადიაციის დოზიმეტრიის ბიზნესი და ის ასევე ეწევა ნაწილაკების ამაჩქარებლების შემუშავებას სამედიცინო სამყაროსა და ინდუსტრიისათვის. IBA-ს სათაო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. კომპანიაში დაახლოებით 1,400 ადამიანია დასაქმებული. IBA-ს თავისი სისტემები მთელს მსოფლიოში აქვს დამონტაჟებული.”
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” საქართველოს უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ და დაფინანსებულ ფონდ “ქართუ”-ს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ პროექტების ფართო სპექტრი აქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური ღირებულება ბოლო 20 წლის განმავლობაში 3 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი “ქართუ”-ს მიერაა წამოწყებული. უნივერსიტეტი 153 ჰექტარზე განლაგებულ, სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ობიექტებს მოიცავს. კამპუსი, პროტონული თერაპიის ცენტრთან ერთად, 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას წარმოადგენს. ის ფონდ “ქართუ”-ს მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტთა შორის ერთ-ერთი უმსხვილესია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად