საქართველოში ტყის სექტორის განვითარების მიმართულებით 32 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება

საქართველოში ტყის სექტორის განვითარების მიმართულებით კლიმატის მწვანე ფონდი 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გასცემს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე კლიმატის მწვანე ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ფონდის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების შესაძლებლობების განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის საჭიროებაზე, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კლიმატის მწვანე ფონდი საქართველოში ტყის სექტორის განვითარების მიმართულებით 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გაცემას გეგმავს. საუბარი შეეხო ქვეყანაში საირიგაციო სისტემების გამართვის კუთხით, შესაძლო თანამშრომლობის საკითხსაც.

კლიმატის მწვანე ფონდის წარმომადგენლის, კლიფორდ პოლიკარდის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელსაც სწორად აქვს განსაზღვრული პრიორიტეტები, რაც მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობისთვის. კლიმატის მწვანე ფონდი მხარს უჭერს საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის და საჭირო ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფის კუთხით.

კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან.
კლიმატის მწვანე ფონდი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმია და განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს აფინანსებს. ფონდი ერთ- ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება
საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილეები ნინო თანდილაშვილი, ხატია წილოსანი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად