„საქართველოში, სავარაუდოდ, გავიმეორებთ ყველა იმ ქვეყნის მოდელს, სადაც კოვიდ19-ის პიკური მიმდინარეობა იყო“ – ინტერვიუ მაია ბუწაშვილთან

“გარდამტეხი იქნება ვაქცინა. თუ კი ჩვენ გვექნება ეფექტური ვაქცინა და საბედნიეროდ, ამის ძალიან დიდი იმედია, იმიტომ რომ 4 ვაქცინა უკვე სერიოზულ დამაიმედებელ შედეგებს იძლევა, ეს შეიძლება გარდატეხის სერიოზული საფუძველი გახდეს.  სხვა რაიმე  პერსპექტივაში, წამალი, ან თვითონ ვირუსის მისუსტება, ჯერჯერობით  არ იკვეთება”, – აცხადებს “აიპრესთან” ინტერვიუში ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მაია ბუწაშვილი.

ექსპერტები და საერთაშორისო მედია საუბრობს იმაზე, რომ არ ეგონათ კოვიდ -19 ასეთი გამძლე თუ გამოდგებოდა. თქვენი, როგორც გამოცდილი ინფექციონისტის დაკვირვებით, რითი განსხვავდება ეს დაავადება სხვა ინფექციებისგან და რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს მისი ამ ფორმით არსებობა?

 კორონავირუსი თავიდან თითქოს მართლა არ ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ აი, ასეთ შედეგებს მივიღებით. თუმცა გარკვეულწილად არსებობს ბევრად უარესი ვირუსები და იმედია ისინი მსოფლიოს არ დაატყდება პანდემიის სახით,   მაგრამ კორონავირუსმაც საკმაოდ გამანადგურებელი შედეგები მოიტანა. ყოველშემთხვევაში გადააჭარბა წინამორბედ პანდემიას, ეს იყო H1N1, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძერლდა. ამიტომ მინიმუმ ერთი წელი გარდაუვალია, რომ  პანდემია მიმდინარეობდეს, მაგრამ სავარაუდოდ, კორონავირუსის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო გახანგრძლივდება.

გარდამტეხი იქნება ვაქცინა. თუ კი ჩვენ გვექნება ეფექტური ვაქცინა და საბედნიეროდ ამის ძალიან დიდი იმედია, იმიტომ რომ 4 ვაქცინა უკვე სერიოზულ დამაიმედებელ შედეგებს იძლევა, ეს შეიძლება გარდატეხის სერიოზული საფუძველი გახდეს.  სხვა რაიმე  პერსპექტივაში, წამალი ან თვითონ ვირუსის მისუსტება, ჯერჯერობით  არ იკვეთება.

ბოლო პერიოდში, აჭარის თემას თუ ავიღებთ, რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ  უფრო ქაოსურად მიმდინარეობს საქართველოში ვირუსის მართვა, ვიდრე იყო აქამდე. ყოველ წუთს იცვლება პროტოკოლები და ექიმებიც ზოგჯერ იბნევიან ხოლმე ვირუსის მართვისას. როგორ ფიქრობთ, ხომ არ გაექცა ჯანდაცვის სამინისტროს მართვა ხელიდან?

ის რომ პროტოკოლები სწრაფად იცვლება, ამას პოზიტიურ ჭრილში განვიხილავდი, იმიტომ რომ თვითონ პანდემიაა  ძალიან ახალი, ვირუსია ახალი.    ყველაფერი იცვლება სწრაფად, მსოფლიოში გამოცდილება გროვდება და რეკომენდაციებიც იცვლება. ამიტომ, თუ კი ვთქვათ,  ჩვენ ამას ვპასუხობთ განახლებული, სწრაფად ცვალებადი პროტოკოლებით, ეს პირიქით კარგია და არა ცუდი, იმიტომ რომ პირიქით სტაგნაცია, რომ იყოს და პასუხი არ იყოს ცვლილებებზე, კიდევ უარესი იქნებოდა. ის რომ მაგალითად, ახლახან შეიცვალა დიაგნოსტიკის ალგორითმი, ის რომ  ბინაზე მოვლის ალგორითმი შემოვიდა,  პირიქით, მე ვფიქრობ  დაგვიანებულიც კი იყო ეს რეაგირება.

უფრო ადრე, ივლისიდან ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ სწრაფად უნდა გადასულიყვნენ ამ რეჟიმზე.  უკვე რაოდენობა სწრაფად გაიზარდა და ახლა უკვე გაცილებით ძნელია  რეფორმები, ვიდრე მაშინ, როცა  ერთეული შემთხვევები გვქონდა. კარგია, რომ ახლა მაინც გადაიდგა ეს ნაბიჯები. აი, ეს ყველაზე დიდი ორი ცვლილება გვაქვს ახლა და ვფიქრობ, ორივე აუცილებელი. ვგულისხმობ  ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემოკლებას,  ბინაზე მოვლას და პისიარ ტესტირების განახლებულ ალგორითმს. ეს ყველაფერი აუცილებელი იყო.

მესმის ექიმების, როცა შემთხვევების დიდი რაოდენობაა, ძნელია ამაზე გადართვა დ ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ თანდათანობით შეეჩვევიან ამას და თვითონაც მიხვდებიან, რომ ეს ბევრდ უფრო კარგია ამ პანდემიის სამართავად, ვიდრე მაგალითად როგორც იყო ადრე, რომ ყველა უსიმპტომო ჰოსპიტალში წვებოდა. ამას ვერც ერთი ჯანდავცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

რაც შეეხება იმას, გაექცა თუ არა სადავეები ჯანდაცვის სამინისტროს, სამართავად ძალიან რთული სიტუაციაა, ნამდვილად. კონტაქტების კვლევაზე თუა ლაპარაკი, ამ ნაწილში ვფიქრობ, ეს არ არის სამინისტროს ბრალი, უკვე როდესაც ასეთი სწრაფი გავრცელება ხდება საზოგადოებაში, კონტქტების კვლევა შეუძლებელი ხდება, ამის ამბიცია არ უნდა გვქონდეს,  უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ყველა წყაროს კლასტერები აღარ არსებობს  ფაქტიურად და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, ასეა ყველგან. გარკვეულწილად, ცოტა თითქოს  იგრძნობა ერთიანი მართვის სისუსტე, მაგრამ ესეც წარმავალი შემთხვევების ბრალია.

რითი შეიძლება აიხსნას ის ფაქტორი, რომ როდესაც მცირე შემთხვევები იყო საქართველოში, მაშინ გვქონდა სერიოზული რეგულაციები. ახლა გაიხსნა სკოლები, ბაღები. ფაქტობრივად ღიაა აჭარა, მხოლოდ მინიმალურ შეზღუდვებს თუ არ ჩავთვლით, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობაა კოვიდინფიცირებულების. რატომ ვართ ასე „არხეინად“ მაშინ როდესაც სკოლებში მასწავლებელთა  და მოსწავლეთა, ასევე სტუდენტების დაინფიცირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა?

დავიწყოთ იქიდან, რომ ალბათ  ცოტა ჩვენთან გადაჭარბებული რეაგირება მოყვა გაზაფხულზე, ჯერ არ არსებულ ეპიდემიის ქვეყანაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავდით სხვა ქვეყნების მაგალითებს. იტალიის და ესპანეთის მაგალითი გარკვეულწილად,  ყველას აშინებდა და რეაგირება მოხდა უფრო ადრე, ვიდრე აუცილებელი იყო.

მაგრამ  რეალურად, ამ პანდემიის მიმდინარეობისას  ბევრ რამეს სწავლობს ყველა. დავინახეთ ის, რომ  ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, ანუ  თუ მსოფლიოში მიმდინარე პანდემიაა, კუნძულივით ვერ დარჩები აი ასე თავისუფალი. მაინც მიიღებ შემთხვევათა აღმავლობას, რაც მოხდა ჩვენთან.  როგორც კი მოვადუნეთ რეგულაციები, რა თქმა უნდა მივიღეთ აღმავლობა, რადგან სხვა ქვეყნებისგან იზოლირებულები ვერ დავჩებოდით და აუცილებლად ჩვენთანაც მივიღებდით იმ სურათს, რაც თუნდაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში  ხდებოდა. ამიტომ, ახლა ისევ რომ გადავიდეთ ჩაკეტვის რეჟიმზე, შეუძლებელია. ამდენი ხანი ქვეყანა ვერ იქნება ჩაკეტილი, სანამ არ იქნება ვაქცინა.

თქვენი პროგნოზით, როდის დაიწყებს კლებას ეს ვირუსი, ან თუ არის ამის რაღაც მაჩვენებელი, რომ უკვე დაიწყებს კლებას ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობა?


საქართველოში, სავარაუდოდ, გავიმეორებთ ყველა იმ ქვეყნის მოდელს სადაც პიკური მიმდინარეობა იყო.   პანდემიის დაწყებიდან, აგვისტოს ბოლომდე, ჩვენ ფაქტიურად არანაირი პიკები და არანაირი ტალღები არ გვქონდა,  იყო მხოლოდ ერთეული შემთხვევები. შევედით ამ ფაზაში სექტემბერში.    ვფიქრობ, კიდევ იქნება მატების შემთხვევები დღე-ღამური, რაღაც მომენტში დასტაბილიზირდება და წამოვა უკან. პრობლემას წარმოადგენს გრიპი, რომელიც დაგვემთხვევა, აი აქ უნდა გავუძლოთ რამენაირად.

 

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად