საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერო-სა და ევროპის საბჭოს ეცნობათ

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგენილი საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ორგანიზაციებში შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააგზავნა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აცნობა, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

„საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდათ ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რიგი შეზღუდვების შესახებ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციების (კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის) სრული დაცვით განხორციელდა. საერთაშორისო ორგანიზაციებს აგრეთვე ეცნობათ საქართველოს მიერ საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შეჩერების შესახებ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ნოტით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, ვირუსთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე გატარებული ღონისძიებების თაობაზე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად