საქართველოში საარსებო შემწეობას 432 487 ადამიანი იღებს

გასულ წელს საქართველოში საარსებო შემწეობას 432 487 ადამიანი იღებდა. აღნიშნული ციფრი მთლიანი მოსახლეობის 11,6 პროცენტს შეადგენს. საარსებო შემწეობას ის სოციალურად დაუცველი ადამიანები იღებენ, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული ციფრი გაანგარიშებულია საყოველთაო აღწერის 5 ნოემბრის წინასწარი მონაცემების მიხედვით.

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რიცხი 2014 წელს გაიზარდა. 2013 წელს საარსებო შემწეობას მოსახლეობის 9,7 პროცენტი იღებდა, რაც რიცხვებში 437,238 ადამიანს უდრიდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთათვის სარეიტინგო ქულების მინიჭების წესში ცვლილება შევიდა. სარეიტინგო ქულების დათვლისას აღარ არის გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური უთანასწორობის გასაზომად მედიანურ მოხმარებას იყენებს, –  ანუ ქვეყანაში ერთი ადამიანის საშუალო ყოველთვიური მოხმარების, 60 და 40 პროცენტზე   ქვევით მყოფი მოსახლეობის წილს.

სტატისტიკური მონაცემებით, მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი საქართველოში 21,4% -ია, აქედან  51,1% ქალაქში და 27,4% – სოფლად; მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილს, ქვეყნის მასშტაბით 8%-ია. მათ შორის ქალაქში 5% და სოფელში – 10,7% (2013წ. 6% და სოფლად 10,7%).

2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია ე.წ. ჯინის კოეფიციენტი, რომელიც მოსახლეობის ეკონომიკური უთანასწორობის საზომი ერთ-ერთი კრიტერიუმია.

ჯინის ინდექსი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. ინდექსის მნიშვნელობა 0 უთითებს, რომ უთანაბრობა არ არსებობს, ხოლო 1 უთითებს, რომ უთანაბრობა მაქსიმალურია. ჯინის ინდექსი გამოიყენება მეცნიერების მრავალ დარგში, მათ შორის სოციოლოგიაში, ეკოლოგიაში, ქიმიაში და სოფლის მეურნეობაში.

ჯინის ინდექსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პოპულაციის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი. ქვეყნებს შორის ამ ინდექსის მიხედვით ყველაზე ნაკლები უთანაბრობა შვედეთშია (0.23), ხოლო ყველაზე მეტი – ნამიბიაში (0.7).

გასულ წელს საქართველოში ჯინის ინდექსი მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა და მან 0,41 შეადგინა, რაც წინა წელტან შედარებით 0,01 პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...