საქართველოში პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ იწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განხორციელებას იწყებენ. ინფორამციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

პროექტის ძირითად მიმართულებებზე და მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის.

„ახალი პროექტი მიმართულია გარემოსდაცვითი მდგარდი განათლების სისტემის დანერგვის ხელშეწყობასა და მის ინტეგრირებაზე ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე ბიზნესსექტორისა და საქართველოს მთავრობის მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფაზე ნარჩენების მართვის სექტორის გასაუმჯობესებლად. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის მიმართულებთ, რათა ვუზრუნველყოთ გარემოს დაცვა და ჩვენ მოსახლეობას მივცეთ სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქვეყანაში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო ბაზა ემყარება იმ პრინციპებსა და მიდგომებს, რაც დამკვიდრებულია ევროკავშირის ქვეყნებში და ქმნის საფუძველს, რომ ქვეყანაში განვითარდეს ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოები, აშენდეს თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელები, წახალისდეს ნარჩენების რეციკლირება და ეფექტიანად განხორციელდეს ნარჩენების მართვის სრული ციკლი.
შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომმა დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ როლზე.

„პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება 2023 წლისთვის, გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების გარეშე ეკონომიკის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. პროექტის მთავარ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა, ბიზნესსექტორი და საქართველოს მოსახლეობა“, – აღნიშნა ულრიკ თიდესტრომმა.

როგორც შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა, პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ 4 წლის განმავლობაში (2019-2023) გაგრძელდება. პროექტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ- ორგანიზაციებთან, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირთან „ორქისი“, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელებს

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები თბილისში, საქართველოს 10 რეგიონში, 63მუნიციპალიტეტსა და 4 თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება.

20-22 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების კამპანიის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია დასუფთავების აქციები, რომელიც 20 სექტემბერს დაიწყება თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციით და სამი დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე ლოკაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გაიმართება კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019“.

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ წარმოადგენს, საქართველოში წლების განმავლობაში (2010-2018წწ.) მიმდინარე პროექტისა და კამპანიის „დავასუფთავოთ საქართველო“ გაგრძელებას, რომელიც ასევე გახორციელდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. „დავასუფთავოთ საქართველო“ პროექტისა და კამპანიის ფარგლებში, საქართველოში არაერთი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის, დასუფთავების აქციები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად