საქართველოში ფესტივალ “ღამის სერენადების” ფარგლებში ალექსი მაჭავარიანის მე 6-ე კვარტეტი პირველად შესრულდა

თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადები- 2019” ფარგლებში ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ სასწავლებელში  კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის კონცერტი გაიმართა. კვარტეტის შემადგენლობაში შედიან ახალგაზრდა მუსიკოსები: კონსტანტინე ეროიანი – პირველი ვიოლინო, დავით აკოფიანი – მეორე ვიოლინო, ეკატერინე კაზარიანი – ალტი, გიორგი ნადარეიშვილი – ჩელო.

კონცერტზე წარმოადგინეს დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-8-ე სიმებიანი კვარტეტი და ალექსი მაჭავარიანის მე-6-ე კვარტეტი (დაუსრულებელი), რომელიც პირველად შესრულდა საქართველოში.

კონცერტი საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა და მას ფართო საზოგადოებასთან ერთად  ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამუსიკო სასწავლებლების აღსაზრდელები და პედაგოგები. კონცერტის საპატიო სტუმრები იყვნენ მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი  გიორგი ისაკაძე. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო.

ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის მთავარი დირიჟორი: “მას შემდეგ, რაც ალექსი მაჭავარიანი გარდაიცვალა, მე აღმოვაჩინე მისი დაწერილი მთელი რიგი ხელნაწერი ნაწარმოებები, რომელთა არსებობის შესახებ არამც თუ საზოგადოებამ, მეც კი არ ვიცოდი. ძალიან მიხარია, რომ მამაჩემის დაუსრულებელი კვარტეტის პირველი შემსრულებლები იყვნენ ისეთი ნიჭიერი მუსიკოსები, როგორებიც არიან კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის წევრები. მე აღფრთოვანებული ვარ მათი შესრულებით და თითოეულ მათგანს დიდ მუსიკალურ კარიერას ვუწინასწარმეტყველებ. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ მამაჩემის კვარტეტის პრემიერა შედგა ‘ღამის სერენადების” ფესტივალის ფარგლებში, რადგანაც ლიანა ისაკაძე იყო ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებების პირველი ინტერპრეტატორი და ბრწყინვალე შემსრულებელი”.

გიორგი  ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი: უდიდეს მადლობას ვუხდი კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომლებმაც ბრწყინვალედ გაართვეს თავი ამ ურთულეს მისიას.  შოსტაკოვიჩის მერვე კვარტეტი და ალექსი მაჭავარიანის მეექვსე დაუსრულებელი კვარტეტი არაჩვეულებრივად შეასრულეს ახალგაზრდებმა. დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ კონცერტს ჰქონდა საგანმანათლებლო ხასიათი და მას დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგები და აღსაზრდელები. წარმატებებს და დიდ მუსიკალურ წინსვლას ვუსურვებ  მათ.

კონსტანტინე ეროიანი, პირველი ვიოლინო: “ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო ქალბატონი ლიანა ისაკაძის ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ასევე დიდი პატივია, რომ ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი დაგვთანხმდა, შეგვესრულებინა ალექსი მაჭავარიანის  მე-6 რომლის კვარტეტი, რომელიც პირველად გახლდათ წარმოდგენილი. ჩვენ ასევე შევასრულეთ დიმიტრი შოსტაკოვიჩის მერვე სიმებიანი კვარტეტი. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებულად თბილ ბათუმელ მსმენელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...