საქართველოში აშშ-ის საელჩო დე ფაქტო ცხინვალს: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

საქართველოში აშშ-ს საელჩო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს.

“აშშ-ის საელჩო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება”,-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

15 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. “აიპრესთან” ფაქტი სუს-მა დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, “აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”.

ტრავმატოლოგ-ორთოპედი, საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქირურგი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად