საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი უკვე თბილისშია

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი უკვე თბილისში იმყოფება, ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. დიპლომატიური უწყება იმედოვნებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

“ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ. მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას”,-ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2019 წლის 20 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დანიშნა.

კალიფორნიელი კელი დეგნანი დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი. ის იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი.

იგი განათლებით იურისტი და ჟურნალისტია. დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი სამართლის განხრით, შემდეგ კალიფორნიის შტატში რამდენიმე წელი პრაქტიკოსი იურისტი იყო. კელი დეგნანი ასევე ფლობს ბაკალავრის ხარისხს ჟურნალისტიკაში. ხუთი წლის განმავლობაში დეგნანი წყნარ ოკეანეში მოგზაურობდა და მიკრონეზაისა და პალაუს რესპუბლიკაში იურიდიულ მრჩევლად მუშაობდა. ამის შემდეგ, იგი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გადავიდა.

2017 წლის 18 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე, კელი დეგნანი იტალიასა და სან-მარინოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2015 წლიდან, იგი ამავე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.

კელი დეგნანი ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ, ინგლისურ და ურდუს ენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად