საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება დაიწყო

NULL

საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო. მინისაწარმოები დიზელს ადგილობრივი ნავთობისგან აწარმოებენ და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ყიდიან. ასეთი პატარა ქარხნები ჯერჯერობით მხოლოდ დიზელზე არიან ორიენტირებულნი და ბენზინის მიღებას ვერ ახერხებენ.

როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ადგილობრივი დიზელი თბილისთან ახლოს ვაზიანსა და ველში იწარმოება. ვაზიანში ცოტა ხნის წინ პატარა, ახალი მინისაწარმო აშენდა, ველში კი ძველის რეკონსტრუქცია განხორციელდა. “რეზონანსი” შეეცადა საწარმოების მფლობელებს დაკავშირებოდა, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი ტატიშვილის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების წარმოებისთვის ლიცენზიები ორმა ქარხანამ 5 თვის წინათ მიიღო. წარმოების წლიური მოცულობა 100-150 ათასი ტონაა. მისი განცხადებით, საწარმოები დიზელსა და ნაფტას აწარმოებენ. რაც შეეხება ხარისხს,  გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ აღებულია ორი სინჯი. ერთი მათგანი ლიცენზირებულ ლაბორატორია “გამაში” შემოწმდა და დადასტურდა, რომ ადგილობრივი წარმოების დიზელი საქართველოში მოქმედ სტანდარტებს აკმაყოფილებს. მეორე სინჯის კვლევას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აწარმოებს და შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები მხოლოდ დიზელის წარმოებაზე არიან ორიენტირებულნი და მათი ტექნიკური აღჭურვილობა მოქმედი სტანდარტის შესაბამისი ბენზინის წარმოების შესაძლებლობას არ იძლევა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ იობაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში ადგილობრივ დიზელს აწარმოებენ. “ვიცი, რომ ნავთობს ყიდულობენ ადგილობრივ ნავთობმომპოვებლებისგან და აწარმოებენ დიზელს. მეტი ინფორმაცია არ მაქვს. არა მგონია, რომ დიდი რაოდენობის საწვავის მიღება შეძლონ”,- ამბობს ვახტანგ იობაშვილი.

საქართველოში 1 წელიწადში, საშუალოდ, 70 ათას ტონა ნავთობს მოიპოვებენ. წლების წინათ, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 24 მცირე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო მუშაობდა.

რამდენიმე თვის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავი ზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ირანელებს სურდათ. კერძოდ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი მაჯიდ საბერი აცხადებდა, რომ ირანელი ბიზნესმენები საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით არიან დაინტერესებულნი. ისინი ტანკერებით საქართველოში შემოიტანენ ნედლ ირანულ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს – ბენზინი, დიზელი, საავტომობილო დიზელი და ადგილზევე აწარმოებენ. “რამდენიმე ირანული კერძო კომპანია მზად არის, საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ააშენოს. საუბარი არ არის სახელმწიფო კომპანიაზე. ესენი არიან კერძო ფირმები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშაობენ და საკმაოდ მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტებს აწარმოებენ”,- აღნიშნა საბერიმ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. ადგილზე საწვავ-საპოხი მასალების წარმოება ნიშნავს იმას, რომ საცალო ბაზარზე საწვავის ფასი გაცილებით სტაბილური და დაბალი იქნება. “ასეთი ქარხნის აშენება, ბუნებრივია, კარგი გადაწყვეტილებაა. გაადვილდება ნავთობის ფასების რეგულირება. ასევე შესაძლებელი გახდება მარაგის შექმნა”, – აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

ასევე აქტიურად განიხილებოდა ყაზახური ინვესტიციებით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ბათუმში. პროექტის ღირებულება 350-400 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა მისი განხორციელებაც ვერაფრით მოხერხდა.

წყარო: გაზეთი რეზონანსი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...