საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავა. საქმე ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. ინფორმაციას სამნისტროს პრესსამსახური ავრცელებს

სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ, უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები. პ.გ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 9882 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სანივთე ქონება სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღო, მათ შორის თბილისში მდებარე ე.წ. „ნავთლუღის ბაზრის“ სავაჭრო ობიექტებიდან. პ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით წარედგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პ.გ. 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე. 2010 წლის 05 ივნისს პ.გ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს პირადი დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უზრუნველყოფის სერჟანტის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი აღნიშნულ განყოფილებაში არსებულ საწყობში ქონების მოვლა- შენახვაზე და მატერიალურ-ტექნიკური ქონების სწორ აღრიცხვა-გაცემაზე იყო პასუხისმგებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად