საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ “ბორჯომთან” მემორანდუმი გააფორმა

სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ სეზონის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.
ღონისძიების ფარგლებში კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას სამი წლის მანძილზე გაუწევს პარტნიორობას.

ღონისძიებას სათხილამურო ფედერაციის და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და კომპანია „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დაესწრნენ.

პრეს-კონფერენციაზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა განვლილი სეზონი შეაჯამა. 

2017 წლის საქართველოს თასის გათამაშება საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალურ სპონსორის „სილქნეტის“, კომპანია „ბორჯომისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით ოთხ ეტაპად მესტიაში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და გუდაურში გამართა.

24-26 მარტს გუდაურში 2017 წლის საქართველოს თასის დასკვნითი – მეოთხე ეტაპი ჩატარდა. საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებსა და სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს, რის გამოც საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებში რეგულერული მონაწილეობა ვერ მიიღეს. წლევანდელი წლის საქართველოს თასის მფლობელები გუდაურის, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენები გახდნენ.

კომენტარები
იტვირთება...