საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლუგარის ლაბორატორიაზე ჩინურ მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლი იენთან.

შეხვედრისას განხილული იქნა საქართველო – ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, ჩინეთის მიერ გაწეული დახმარება COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის ქართველი და ჩინელი მედიკოსების, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობის საკითხები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

შეხვედრაზე, მხარეებმა გავცალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს არსებულ მდგომარეობაზე და იმ ქმედებებზე, რომელსაც ორივე სახელმწიფო მიმართავს პანდემიის საბოლოოდ დასამარცხებლად.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხარეები აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში, სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის პროპაგანდაზე, რაც განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 პანდემიის დროს და შეეხო საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან სამედიცინო და სამეცნიერო დანიშნულების ობიექტს როგორიც ლუგარის ლაბორატორიაა. აღინიშნა, რომ სამწუხაროდ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რომელსაც სამწუხარო გამოხმაურება მოჰყვა ჩინეთის მედია საშვალებებში.

შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ იგი ემიჯნება მედიის მხრიდან საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის შენარჩუნდება არსებული წარმატებული ურთიერთობები, მათ შორის სამედიცინო და კვლევითი მიმართულებით. აღინიშა, რომ პანდემიის დაწყებიდან ხდება ქართველი და ჩინელი ექიმების, ეპიდემიოლოგების და დაავადებათა კონტროლის სამსახურების მუდმივი კონტაქტი და ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით ინფორმაციების, კვლევის შედეგების და მკურნალობის მეთოდების აქტიური გაზიარება.

ჩინურ მხარეს მიეწოდა დამატებითი დეტალური ინფორმაცია საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის და მნიშვნელობის შესახებ, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა და მისი ეფექტიანი საქმიანობა COVID-19-ის პანდემიის პრევენციის და დამარცხების კუთხით, ასევე ცენტრის თანამშრომლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შესაბამის ლაბორატორიებთან და მედიკოსებთან გამოცდილების გაზიარების კუთხით.

თვის მხრივ ჩინურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მუშაობას და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას რეგიონის მასშტაბით.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად