საქართველოს რკინიგზა თანამშრომლებს: ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების მიერ დაანონსებულ გაფიცვას კომპანიაში ეხმაურებიან. კომპანიის თქმით, მათი მოთხოვნა, რომ ხელფასები 50%-ით გაიზარდოს არარეალურია.

“ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.

ამასთან, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება და თავად „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიც“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე განიხილავენ გაფიცვის ფორმას და დროს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ – ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან, თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედია სივრცეში უკვე გაკეთდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ანაზღაურება 10 % -ით გაეზრდება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად