საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას ახალი წელი თავდაცვის სამინიტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა. სახელმწიფოს მეთაურმა ავღანეთში და ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ ჯარისკაცებს, ასევე საქართველოში დისლოცირებულ ყველა სამხედრო ნაწილს მიმართა.

"მინდა გითხრათ, რომ თქვენით ყველა ამაყობს და მშვიდად არის იმიტომ, რომ თქვენ დღეს საბრძოლო მზადყოფნაში ხართ. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ჩვენში მოქალაქეების მშვიდობას იცავს. მომავალში ჩვენ ყველას გველის მშვიდობიანი, გაერთიანებული საქართველო და ამას ყველა ერთად მივაღწევთ.

საქართველოს მოქალაქეების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქვეყნის სამსახურისა და თავგანწირვისთვის. თქვენ შემოგყურებთ როგორც უფროსი ისე უმცროსი თაობა და ისინი თქვენგან იღებენ მაგალითს. მინდა გისურვოთ მხნეობა, სიძლიერე, მადლობა გადაგიხადოთ სამსახურისთვის და მოგილოცოთ მომავალი გამარჯვებები, რომლებიც ერთად გვექნება. გილოცავთ ახალ წელს და მშვიდობით უკან დაბრუნებას გისურვებთ“, – მიმართა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ქაბულში მყოფ ქართულ სარდლობას და ბაზა ბაგრამზე დისლოცირებულ დანაყოფს.

მართვის ცენტრიდან გიორგი მარგველაშვილმა ახალი წელი საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა ბრიგადას და სარდლობას მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა, მათ წარმატება და ჯანმრთელობა უსურვა, ხოლო მისიებში მყოფ სამხედროებს – ქვეყანაში მშვიდობით დაბრუნება.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მართვის ცენტრში ეროვნული უშიშორების საბჭოს მდივანთან ირინე იმერლიშვილთან და მრჩეველთან სამხედრო საკითხებში აკია ბარბაქაძესთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები
იტვირთება...