საქართველოს პირველი არხი „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“აბსოლუტური არაპროფესიონალიზმის დემონსტრირებად ვაფასებთ ჟურნალისტის ნამუშევარს, რომლის უპირველესი მოვალეობაა, მიაწოდოს აუდიტორიას გადამოწმებული, უტყუარი ინფორმაცია. სიუჟეტის ავტორმა არ დაიცვა ჟურნალისტიკის ელემენტარული სტანდარტები – არ მოიძია ზუსტი ინფორმაცია, სად და როგორ დამზადდა და შემდგომ განთავსდა ე.წ. „მერიის კონცერტი“ და საქართველოს პირველი არხის საახალწლო ეთერში გასული მუსიკალური შოუ.

შესაბამისი დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენი კოლეგებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველ არხზე 31 დეკემბერს ღამის ეთერში გასული კონცერტი სრულად დამზადდა საქართველოს პირველ არხის რესურსებით, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

ამასთან, მოვუწოდებთ სიუჟეტში მონაწილე რესპონდენტებს, უკეთ შეისწავლონ საკითხი კომენტარისა და შეფასების გაკეთებამდე, რათა არ გახდნენ ყალბი ინფორმაციის გავრცელების თანამონაწილეები.

საქართველოს პირველი არხი მიმართავს ტელეკომპანია პირველს, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მოხდეს მცდარი ფაქტების თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება, ასევე უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დროის იმ მონაკვეთში, როდესაც გავიდა ხსენებული სიუჟეტი.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი მაუწყებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროსა და ფაქტების სიზუსტე, რაც მთელ მსოფლიოში ჟურნალისტური საქმიანობის უმნიშვნელოვანეს სტანდარტს წარმოადგენს”, – ნათქვამია საქართველოს პირველი არხის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად