საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მეტოქე დიდი ანგარიშით – 5:1 დაამარცხა

14 ივნისს, “დავით პეტრიაშვილი არენაზე”, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებს შეხვდა.

მატჩში ქართველ ფეხბურთელთა უპირატესობა აშკარა იყო და მათ მეტოქე დიდი ანგარიშით – 5:1(2:0) დაამარცხეს.

შეხვედრის მე-7 წუთზე საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მეკარის მოედნის ხაზთან მყოფ არაბთა მეკარეს მოხვდა, მისგან რიკოშეტით თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ახლოს მიუვიდა თეონა ბაქრაძეს და მან ძლიერი დარტყმით აიღო მოწინააღმდეგის კარი.

მე-13 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ კუთხურზე ყველას დაასწრო ხატია ჭყონიამ და თავით გადაგზავნა ბურთის მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში – 2:0.

მეორე ნახევრის დაწყებიდან ორი წუთი არ იყო გასული, როდესაც ხატია ჭყონიამ დასწრო მცველს საჯარიმოში მისთვის შეგდებულ ბურთზე თამაში და ოდნავ წინ გამოსულ მეკარისგან მარცხნივ შეაგორა ბურთი კარში – 3:0.

3 წუთის შემდეგ გოლი ისევ ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, ოღონდ საკუთარ კარში. მარჯვენა ფლანგზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე თავით ითამაშა წინა ძელის წინ, მეკარის საჯარიმო მოედნის გვერდით ხაზთან მყოფმა ელენე რაუხმა და ბურთი შორეულ ძელთან გავიდა კარში – 3:1.

61-ე წუთზე მეკარის მოგერიებული ბურთი ისევ ქართველ ფეხბურთელებთან მოხვდა საჯარიმო მოედნის მარჯვენა მხარეს, იქედან საჯარიმოს წინა ხაზისკენ ჩაწოდებულ ბურთზე კი ლელა ჭიჭინაძემ ითამაშა და მეკარისგან ძლიერად დაარტყა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში – 4:1.

მატჩის დამატებულ 90+1 წუთზე მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთი მეკარის მოედანზე მარტოდ მყოფმა თამრიკო სალუქვაძემ გადაგზავნა არაბთა კარში – 5:1.

საქართველოს ნაკრების შემადგებლობა ასეთი იყო:
თეონა სუხაშვილი, გვანცა ქადაგიშვილი (85’ სალომი დიმოპულუ), ნინო პასიკაშვილი, ნინო ჩხარტიშვილი (46’ მარიამ კალანდაძე), თეონა ბაქრაძე (76’ თამრიკო სალუქვაძე), ლელა ჭიჭინაძე (76’ ანა პოღოსიანი), ხატია ჭყონია (76’ ნათელა წოწერია), მარიამ დანელია (82’ ანა კულდონაშვილი), ირინა ხაბურზანია (46’ თამარ ეპიტაშვილი),ნინო სუთიძე, ელენე რაუხი

თადარიგში იყვნენ: თათია გაბუნია, ანასტასია ბოლქვაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

მსაჯები: ირაკლი კვირიკაშვილი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ირაკლი ქარსელაძე

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების პროცესში საქართველოს ფეხბურთელ ქალთა ნაკრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 17 ივნისს ისევ “დავით პეტრიაშვილი არენა” უმასპინძლებს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად