საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ესტუმრა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ესტუმრა. გენერალ-ლეიტენანტის იონას ვიტაუტას ჟუკასის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალურ შტაბში გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და ლიტველ კოლეგას შორის ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა შედგა. მოგვიანებით, ორი ქვეყნის პირველმა სამხედრო პირებმა განცხადებები გააკეთეს. 

გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გენერალ-ლეიტენანტმა იონას ვიტაუტას ჟუკასმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, ლიტვასთან თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხელს უწყობს. მან ლიტველ კოლეგას მადლობა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის გადაუხადა.

გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში მხარდაჭერისა და ლიტველი ექსპერტების ჩართულობის საკითხზეც გაამახვილა. საუბარი სამხედრო სწავლებებში ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობას, ასევე სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში იმყოფებოდა. JTEC-ის ხელმძღვანელებმა, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ლიტველ სტუმარს ცენტრის ისტორიის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ლიტვის დელეგაციის წევრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. დღესვე, ლიტვის დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გენერალ-ლეიტენანტმა იონას ვიტაუტას ჟუკასმა თავდაცვის უწყების შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერიც დატოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის დელეგაცია გორში ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება.

ოფიციალურ შეხვედრებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ხვალ დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...