საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე მორის ყვითელაშვილი იქნება

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი ჯგუფი უკვე სამხრეთ კორეაშია. 

ქართველ ოლიმპიელებს აეროპორტში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ოლიმპიურ სოფელში მამუკა ხაბარელი, მისი მოადგილე რუსუდან აფციაური, საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეაში ოთარ ბერძენიშვილი და მრჩეველი დავით ჩიკვაიძე დახვდნენ.

სააკრედიტაციო პროცედურის გავლის შემდეგ, ოლიმპიელები მწვრთნელებთან ერთად გაემგზავრნენ პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში, დელეგაციის დანარჩენი წევრები კი – მათთვის განკუთვნილ სასტუმროებში დაბინავდნენ.

დღესვე, ოდნავ მოგვიანებით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში ჩავიდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. მოკლედ, ოფიციალური დელეგაციის წევრები, გარდა მოციგურავე მორის ყვითელაშვილისა და მისი მწვრთნელისა, აგრეთვე სათხილამურო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ კოსტავასი, უკვე კორეაში არიან. 9 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალზე, ჩვენი დელეგაციის მედროშე სწორედ მორის ყვითელაშვილი იქნება, რომელმაც ქართველთაგან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია. რაც შეეხება მოციგავე გიორგი სოღოიანს, ის რამდენიმე დღეა პიონჩანგში იმყოფება, ვარჯიშობს და ოლიმპიური სტარტისთვის ემზადება. ჩვენი სპორტსმენებიდან ოლიმპიურ სარბიელზე პირველი სწორედ სოღოიანი გავა და ეს მოხდება11 თებერვალს.

დღეს, 8 თებერვალს, ადგილობრივი დროით 11 საათზე, (+5 საათი საქართველოს დროით) პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 9 თებერვალს გაიხსნება და 25 თებერვალს დასრულდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად