საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი დააპატიმრეს

ავსტრიული პრესის ცნობით, ლვოვში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, 2010-2012 წლებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ყალბი დოკუმენტებით გადაკვეთის მცდელობის დროს დააპატიმრეს.

ეტერ ზაიზენბახერი მსოფლიოში პირველი ძიუდოისტი იყო, ვინც ზედიზედ ორ ოლიმპიურ თამაშებზე (1984-1988) ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. იგი არის აგრეთვე 1985 წლის მსოფლიო ჩემპიონი. 2010-2012 წლებში პეტერ ზაიზენბახერი საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2013-2014 წლებში და მცირე შესვენების შემდეგ, 2015 წელს კი – აზერბაიჯანის ნაკრებს.

2013 წელს ავსტრიაში მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 2016 წელს ძიება დასრულდა და საქმე სასამართლოს გადაეცა განსახილველად. ძიების მტკიცებით, 1997-2004წწ ვენის ძიუდოს კლუბში მუაშობის დროს ზაიზენბახერმა ორ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. უფრო კონკრეტულად კი, მან 11 წლის გოგონა პირველად 1999 წელს და შემდეგ, 2001 წელს რამდენჯერმე გააუპატიურა, ხოლო მეორე, 13 წლის გოგონაზე 2004 წელს იძალადა. ზაიზენბახერი 2001 წელს, ზაგრებში, შეკრებაზე ყოფნის დროს, 16 წლის გოგონაზე ძალადობის მცდელობაშია აგრეთვე ეჭვმიტანილი. აღსანიშნავია, რომ ამ გოგონათაგან ერთ-ერთის მამა და ზაიზენბახერი მეგობრები იყვნენ.

2016 წლის დეკემბერში დანიშნულ სასამართლო პროცესზე ზაიზენბახერი არ გამოცხადდა. მან ქვეყანა დატოვა და უკრაინას შეაფარა თავი. უკრაინის ხელისუფლებამ ავსტრიისთვის მის გადაცემაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზად აღნიშნული ტიპის დანაშაულზე უკრაინაში არსებული ხანდაზმულობის ვადის, 10 წლის გასვლა დასახელდა.

2019 წლის გაზაფხულზე უკრაინამ რიგი ევროპული კანონმდებლობის რატიფიცირება მოახდინა და ზაიზენბახერის ავსტრიისთვის გადაცემის საფუძველი წარმოიშვა. ზაიზენბახერს პასპორტი დაკარგული აქვს, მისი რომელიმე სხვა ქვეყანაში გადასვლა და თავის შეფარება ვერ ხერხდებოდა და მან ყალბი საბუთებით ლვოვშ,ი უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა სცადა.

საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას იგი დააკავეს და თვითმფრინავით ავსტრიაში გადააფრინეს, სადაც ის ვენაში, იოზეფშტადტის ციხეში მოათავსეს. ადვოკატმა ბერნხარდ ლეხოფერმა მისი კლიენტის დაპატიმრება დაადასტურა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად