საქართველოს მუზეუმმა ღონისძიებას – „კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა“ უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ღონისძიება – „კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა“ მოეწყო. ინფორმაციას სამინისტროს პრესასამსახური ავრცელებს.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე უძღვებოდნენ.
ღონისძიებას კულტურისა და მემკვიდრეობის სფეროს ინსტიტუციების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში შედგა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია. აპლიკაცია ანდროიდ პლატფორმისთვისაა შექმნილი, რომელზეც საქართველოს კულტურული მარშრუტებია დატანილი. მისი დახმარებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს ვიზიტი სერთიფიცირებული კულტურული მარშრუტების ფარგლებში. მომდევნო ეტაპზე აპლიკაცია iOS პლატფორმისთვისაც მომზადდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადასცა საერთაშორისო და ახალი კულტურული მარშრუტების მმართველ ორგანიზაციებს. ასევე, მოეწყო ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის პირველად მომზადებული კულტურული მარშრუტების ეროვნული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია.

2021 წელს საქართველო ევროპის საბჭოს ყოველწლიურ მე-11 ფორუმს უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტმა მასპინძელ ქალაქად ქუთაისი დაასახელა. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას ევროსაბჭოს ქვეყნების 300- მდე დელეგატი (მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, კულტურის სფეროს მსხვილი ინსტიტუციების ხელმძღვანელები, ექსპერტები) დაესწრება. ღონისძიება ინტერაქტიულმა 3D შოუმ დაასრულა.

კულტურული მარშრუტი კულტურული, საგანმანათლებლო, მემკვიდრეობისა და ტურიზმის ერთობლივი თანამშრომლობის პროექტია; მისი მიზანია მარშრუტის ან მარშრუტების სერიის შექმნა და ხელშეწყობა, რომელიც საერთო ევროპული ღირებულებების კულტურულ კონცეფციას ემყარება. კულტურული მარშრუტები ხელს შეუწყობს საქართველოს სწორ პოზიციონირებას როგორც ევროპის, ასევე, მსოფლიო კულტურულ რუკაზე.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამას საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. პროგრამა მოიცავს 38 სერტიფიცირებულ მარშრუტს, რომელიც კვეთს 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს. მარშრუტების პროგრამა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას კულტურული ტურიზმის დახმარებით. საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებულ წილობრივ შეთანხმებაში (Enlarged Partial Agreement) ოფიციალურად 2016 წელს გაწევრიანდა, რაც გულისხმობს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში წევრი სახელმწიფოების მონაწილეობას  და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელებას. საქართველო უკვე ჩართულია ევროპის საბჭოს 4 სერტიფიცირებულ მარშრუტში: ღვინის მარშრუტი (ITER VITIS),  ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი (THE EUROPEAN ROUTE OF JEWISH HERITAGE), ისტორიული თერმული ქალაქების მარშრუტი (EUROPEAN ROUTE OF HICSTORICAL THERMAL TOWNS), პრეისტორიული კლდის ხელოვნება (PREHISTORIC ROCK ART TRAILS)

სამინისტროს მიერ ღონისძიებაზე გამოვლინდა ორი ახალი მარშრუტი: ალექსანდრე დიუმას გზა სამხრეთ კავკასიაში გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში.

კომენტარები
იტვირთება...