საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 642 000 ადამიანით შემცირდა

საქართველოს მოსახლეობა 2002 წლიდან 2015 წლამდე, საქსტატის წინასწარი მონაცემებით 642 000 ადამიანით შემცირდა. თუ 2002 წლის მონაცემებით მოსახლეობა 4 371.5 ათას კაცს შეადგენდა, 2015 წლის 1 იანვრის წინასწარი მონაცემებით 3 729.5 ათას კაცს შეადგენს. 

აღნიშნული მონაცემი ეფუძნება 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგებსა და 2014 წლის ბოლო 2 თვის საერთო მატების (ბუნებრივი მატება და მიგრაციული სალდო) ჯამს. ქვეყნის მოსახლეობის 57,4 პროცენტი (2 140,4 ათასი კაცი) – ქალაქად, ხოლო 42,6 პროცენტი (1 589,2 ათასი კაცი) სოფლად ცხოვრობს.

მოსახლეობის 47,7 პროცენტი (1 778,5 ათასი) მამაკაცია, ხოლო 52,3 პროცენტი (1 951,0 ათასი) – ქალი. მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერათაშორის (2002-2014 წლებში) პერიოდში 14,7 პროცენტით შემცირდა. ეს ცვლილება აისახა მოსახლეობის სქესობრივ ასაკობრივ სტრუქტურაზეც. ამ პერიოდის განმავლობაში კაცების წილმა 0,5 პროცენტული პუნქტით მოიმატა, ქალების წილმა კი, შესაბამისად, დაიკლო.

რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, აქ ცვლილება არაერთგვაროვანია. 0-4 წლის ასაკის ჯგუფის მოსახლეობის მატება განპირობებულია 2009 წლიდან ორივე სქესის ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობის მკვეთრი მატებით. ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა 50-59 წლის ასაკობრივ ჯგუფებში როგორც კაცებში, ისე ქალებში, ხოლო ყველაზე დიდი პროცენტული კლება ორივე სქესის 10-19 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებში კი უმნიშვნელო კლება ან მატება დაფიქსირდა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად